„წინასწარ ვიცოდით, რომ დიდი ფეხბურთელი გახდებოდა“ - ლოკომოტივის ექს-სკაუტი ხვიჩაზე
მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა სკაუტმა, ევგენი ხარლაჩიოვმა Match TV-სთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და „ლოკომოტივში“ მისი ტრანსფერი გაიხსენა:
როგორ აღმოაჩინეთ ხვიჩა კვარაცხელია?
ამ შემთხვევაში, პატივი უნდა მივაგოთ ტიშჩენკოს. როდესაც ხვიჩა საქართველოში გამოჩნდა, ის მხოლოდ 16 წლის იყო. მის სანახავად პირველად სწორედ ტიშჩენკო გაემგზავრა. შემდეგაც ბევრჯერ ჩაფრინდა და აკვირდებოდა მას. ასე რომ, ჩვენ უკვე წინასწარ ვიცოდით, რომ ხვიჩა „ლოკომოტივში“ აღმოჩნდებოდა.
ტიშჩენკომ მაშინვე თქვა ხვიჩაზე, რომ ის მომავალი ტოპ-ვარსკვლავი იყო?
დიახ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ის ჯერ კიდევ სრულიად ბავშვი იყო. ტიშჩენკომ თქვა, რომ მისგან ნამდვილი ფეხბურთელი დადგებოდა. ამასთან, ხვიჩას თამაში პირველივე დღიდან არ დაუწყია, თუ გახსოვთ. მან „ლოკომოტივში“ ერთგვარი ადაპტაცია გაიარა.
ამავდროულად, სემინი ყოველთვის ამბობს, რომ მისი გაშვება „რუბინში“ არ შეიძლებოდა.
არ შეიძლებოდა. თუმცა, ხვიჩას გარდა, არსებობდნენ აგენტები და იყო რიგი მომენტები, რომლებიც მაშინდელ ხელმძღვანელობასთან იყო დაკავშირებული. ეს კიკნაძის დროს მოხდა. ხვიჩას უბრალოდ უთხრეს: „დატოვე შეკრება“. სულ ეს იყო. ცდილობდნენ პირობების წამოყენებას: ან მოეწერა ხელი ისეთ კონტრაქტზე, რომელიც არც მას და არც მის აგენტებს არ აწყობდათ, ან უნდა წასულიყო. აგენტებმა დაურეკეს, მანაც ბარგი ჩაალაგა და შეკრებიდან წავიდა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ საფეხბურთო ხელმძღვანელმა კომპრომისული გადაწყვეტილებები უნდა ეძებოს და არა მხოლოდ ხისტი ულტიმატუმები აყენოს. ელემენტარულად, თავაზიანად საუბარი მაინც უნდა ისწავლონ.
„ლოკომოტივის“ გულშემატკივრები, ზოგადად, დიდი ნეგატივით იხსენებენ კიკნაძეს.
ჩემი გაგებით, კიკნაძეს ძალიან ბევრი ზედმეტი მრჩეველი ჰყავდა, რომლებსაც უფრო მეტად უსმენდა, ვიდრე საფეხბურთო ადამიანებს. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ამან მას ხელი შეუშალა. ამ საკითხში უფრო მოქნილი რომ ყოფილიყო და სემინთან მუშაობა შეძლებოდა... თუმცა, მარჩიელობა არ მინდა“, - ამბობს ხარლაჩიოვი Match TV-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ლოკომოტივში“ 2019 წელს გადავიდა და კლუბის შემადგენლობაში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლი გაიტანა, შემდეგ კი ყაზანის „რუბინში“ გადავიდა, საიდანაც ჯერ ბათუმის „დინამოში“, შემდეგ კი „ნაპოლიში“ და ბოლოს „პარი სენ-ჟერმენში“ აღმოჩნდა.