ენცო მარესკა
Aa
Aa

დამშვიდობების გარეშე - მარესკას წასვლის დეტალები და ახალი კანდიდატი

2025 წლის ბოლო დღეს „ჩელსიში“ დიდი ვნებათაღელვა სუფევდა, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ენცო მარესკას წასვლით გახლდათ გამოწვეული. საქმე გაართულა იმ ფაქტმაც, რომ „ბორნმუთთან“ (2:2) მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა თანამდებობა ფეხბურთელებთან დამშვიდობების გარეშე დატოვა, თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე კი თავის ნაცვლად ასისტენტი ვილი კაბალიერო გაუშვა.

მომხდართან დაკავშირებით ინგლისურ პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება - უტყუარი ფაქტი ის არის, რომ 31 დეკემბერს, შუადღეს მარესკას აგენტი ჟორჟე მენდეში კლუბის ბაზაზე იმყოფებოდა და სწორედ ამ აუდიენციის შემდეგ ჩაინიშნა „ჩელსის“ დირექტორთა საბჭოს წევრების საგანგებო თათბირი, სადაც იტალიელის გაშვებას მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს. არადა, მცირე ჩავარდნებს თუ არ ჩავთვლით, ენცოს მუშაობა უარყოფით ემოციებს გულშემატკივრებს შორის ნამდვილად არ იწვევდა, რადგან ბოლოს და ბოლოს, წასვლამდე ორიოდე კვირით ადრე ის ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

ჯერჯერობით გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მარესკა კლუბის ხელმძღვანელების მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმ ფაქტის გამო, რომ წინა წელს კონფერენს ლიგაზე გამარჯვების მიუხედავად, „ჩელსის“ ბოსები მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასა და პირობების გაუმჯობესებას არ აპირებდნენ. ამ ყველაფრის პასუხი კი ენცოსთან „არისტოკრატების“ პრეზიდენტის მხრიდან იყო ის, რომ მათ ხელშეკრულებას ვადა მხოლოდ სამი წლის შემდეგ გასდიოდა და საჩქარო არაფერი იყო.

ცნობისათვის, „ჩელსის“ წამყვანი ფეხბურთელები თვლიან, რომ მათთვის იდეალური დამრიგებელი ლაიამ როსენიორი იქნება და ამის თაობაზე ხელმძღვანელებიც ჩააყენეს საქმის კურსში. როსენიორის დანიშვნა რთული ნამდვილად არ იქნება, რადგან ის იმ „სტრასბურგს“ ამზადებს, რომლის სათავეშიც ზუსტად ის კომპანიაა, რომელიც „არისტოკრატებს“ მართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარესკა: “პალმერის რეაქციაზე პრობლემა არ მაქვს“
მარესკა: “პალმერის რეაქციაზე პრობლემა არ მაქვს“