„ბილეთებზე ასეთი მოთხოვნა არასოდეს ყოფილა“ - ინფანტინომ ციფრები დაასახელა
მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის 32-დან 48 გუნდამდე გაზრდას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა და ახლაც რჩებიან ისეთები, რომლებიც თვლიან, რომ ტურნირის დონე დაეცემა. თუმცა, მოთხოვნა და ინტერესი რომ მაღალია, ამაზე ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში სიამაყით ისაუბრა:
„2026 წლის მუნდიალზე დასასწრები 6-7 მილიონი ბილეთი გვაქვს გაყიდვაში ჩაშვებული და ბოლო 15 დღის განმავლობაში 150 მილიონი განაცხადი მივიღეთ. გამოდის, რომ დღეში 10 მილიონი მსურველია, რომელსაც თამაშებზე დასწრება უნდა. რომ არა ფიფა, მსოფლიოს 150 ქვეყანაში ფეხბურთი არ იქნებოდა. მიღებულ შემოსავალს ჩვენი წევრი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს გადავუნაწილებთ და თანხის სწორად ინვესტირება მოხდება. მთლიანობაში კი გეტყვით, რომ მუნდიალის 100-წლიან ისტორიაში ჯამში 44 მილიონი ბილეთია რეალიზებული“.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გაიმართება და მატჩებს სამი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს.