„ჩემთვის ფეხბურთის გარეშე გატარებული დღე საშინელი დღეა..
ასე იყო მას შემდეგ, რაც ბურთის ფეხით დარტყმა ვისწავლე..
ჯვარედინი იოგების გაწყვეტის შემდეგ, ზედიზედ 300 ცუდი დღე მქონდა. როდესაც ექიმმა მითხრა, რომ 12 თვე ვერ ვითამაშებდი, ფსიქოლოგიურად ჩამოვიშალე. მადლობა ღმერთს, იმ პერიოდში ჩემმა ოჯახმა გადამარჩინა. მათ გარეშე ალბათ გავგიჟდებოდი..
აღდგენის პირველ თვეებში ფაქტობრივად დივანზე ცხოვრება მიწევდა. დილით ყავარჯნებით ჩამოვდიოდი და ეს იყო ჩემი სამყარო:
რეაბილიტაცია. საუზმე. რეაბილიტაცია. სადილი. რეაბილიტაცია. ძილი. რეაბილიტაცია..
ჩემი ქალიშვილი, ელენა, მაშინ მხოლოდ სამი წლის იყო. ის იღებდა სათამაშოებს და დივანთან მოჰქონდა, რომ ერთად გვეთამაშა.
მე ვეუბნებოდი:
— არა, ბოდიში, ჩემო სიყვარულო. აქ უნდა ვიწვე..
იმ პერიოდში ვცდილობდით მისთვის გაზიარების მნიშვნელობა გვესწავლებინა და ერთ დღეს მან ჩემი ყავარჯენი აიღო და ოთახში სიარული დაიწყო, ზუსტად ისე, როგორც მე..
მან თქვა:
— მეც მაქვს ჭრილობა.
მე ვუთხარი:
— დამიბრუნე, ჩემო სიყვარულო, შეიძლება რამე იტკინო..
მან კი მიპასუხა:
— მამა, რა ვილაპარაკეთ? უნდა გაიზიარო.
ტელევიზორში „არსენალის“ მატჩებს ვუყურებდი და ეს ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე ცუდი გრძნობაა. ყველა ფეხბურთელმა იცის ეს შფოთვა — სრულიად უძლური ხარ, ჩვეულებრივი გულშემატკივარივით..
ელენა ხედავდა, რომ ვნერვიულობდი, მაგრამ ფეხბურთი ჯერ არ ესმის.
ის დაიწყებდა ოთახში ტრიალს ტელევიზორის წინ და გვაუწყებდა:
— ყველა ჩუმად იყავით, ახლა ვიმღერებ.
— ჩემო სიყვარულო, მამა მუშაობს.
— ახლა ვიმღერებ და ვიცეკვებ!!!!!! ჩუმად!!!!
სამი პატარა სიტყვა
ზეპირად ვისწავლე:
ღმერთი სიყვარულია.
ლა-ლა-ლა-ლა-ლა.
ამ დროს საკა ფლანგზე ბურთით მიდის, ელენა კი ტრიალებს და ყურებაში ხელს მიშლის..
— შენ არ უყურებ!!!
(იცინის) — ჭკუიდან ვშლიდი.
ორი წუთის შემდეგ მოიწყენდა და სხვა ოთახში გადავიდოდა.
— არ გინდა ყურება, ელენა? ეს ხომ „არსენალია“.
— მმმ… არა. მე დავითსა და გოლიათს მინდა.
YouTube-ზე ბიბლიურ მულტფილმებს უყურებს და დავითისა და გოლიათის ისტორია ძალიან უყვარს. ოთახიდან წინდას გამოიტანს, დაამრგვალებს და იტყვის:
— დედა, დღეს შენ ხარ გოლიათი. მამა ვერ დგება.
შემდეგ წინდას გესვრის, თავში გხვდება და უნდა დაეცე. მერე გამარჯვებულივით შენს ზემოთ დგება..
თავიდან ეს ძალიან საყვარელია, მაგრამ შემდეგ..

იყო მომენტები, როცა ფეხბურთს იმდენი ხანი უყურებდა, რომ ბოლოს მეკითხებოდა: „წითლები ჩვენ ვართ?“
თუ ვინმე ჩემს მსგავსს დაინახავდა, ტელევიზორზე მიუთითებდა:
— ნახე, მამა თამაშობს!
მე ვეუბნებოდი:
— არა, ჩემო სიყვარულო, მე აქ ვარ. ეს მამას მეგობარია. მე ტრავმირებული ვარ, გახსოვს? ცოტა უნდა დაელოდო და მერე მიყურებ.
ის მაინც მიუთითებდა:
— მამა.
მახსოვს, ექიმისგან ცუდი ამბის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ჟორჟინიო მოვიდა ჩემთან. ვინც სახლში შემოდიოდა, ელენა კართან ეგებებოდა და ეუბნებოდა:
— მოდი, მამას ჭრილობა ნახე!
ხელს მოკიდებდა და „პაციენტთან“ მიჰყავდა. მერე მუხლზე მკოცნიდა..
მას ყველაფერი არ ესმის, მაგრამ ბევრს მაინც გრძნობს. როცა ძალა მჭირდება, ამ მოგონებას ვიხსენებ და თვალები მიცრემლდება. ის დამეხმარა, რომ ფეხბურთსა და ტკივილზე შეპყრობილი აღარ ვყოფილიყავი და ცხოვრება გამეგრძელებინა..
მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ცოლი მყავს. რაიანემ ყველაზე მძიმე დღეებში დაამტკიცა, რომ ნამდვილი თანამეგზურია.
როცა დივნიდანაც ვერ ვდგებოდი, ის მთელ სახლში დარბოდა და მუხლისთვის ყინული მოჰქონდა. ჩემს ყველაზე ბნელ დღეებში ის იყო დედაც, ექთანიც და ჩემი პარტნიორი, რომელიც ჩემთან ერთად ფეხბურთს უყურებდა..

ჩვენ, ფეხბურთელები, ხშირად ვივიწყებთ რეალურ ცხოვრებას. ტრავმამდე მეც ასე ვიყავი. არ ვიყავი ის ქმარი და მამა, როგორიც უნდა ვყოფილიყავი. ეს სიმართლეა..
ბავშვობიდან, ფაველაში გაზრდილს, ყოველთვის მჯეროდა, რომ ღმერთს ჩემთვის გეგმა ჰქონდა. ყველაფერს აქვს პასუხი, რომელიც მოგვიანებით გვექნება. მგონია, ეს ტრავმასაც ეხებოდა..
იმ დროს ჩემი მეუღლე ჩვენს ვაჟზე ორსულად იყო და დიდ შფოთვაში ვიყავით. აქამდე არ მითქვამს, მაგრამ ელენას დაბადება ჩვენთვის ძალიან ტრავმული იყო. მაშინ ფეხბურთელის ცხოვრებით ვცხოვრობდი და მეუღლესთან ხშირად არ ვიყავი..
მას ინგლისში, ოჯახიდან 6000 კილომეტრის მოშორებით, ენის ცოდნის გარეშე მოუწია მშობიარობა. მშობიარობისას სერიოზული გართულება მოხდა და დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. ასეთ დროს სამედიცინო ტერმინებიც კი საშინელია, თუნდაც საკუთარ ენაზე. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება და სრულიად უძლური ხარ. ხოლო როცა ენასაც ვერ ფლობ — ეს კიდევ უფრო შემზარავია..
მადლობა ღმერთს, რაიანემ ელენა გააჩინა და სისხლდენა შეაჩერეს, მაგრამ ეს გამოცდილება ორივესთვის მძიმე იყო. ქალიშვილი მხოლოდ ერთი დღე მეჭირა ხელში. მეორე დღეს ისევ ჩანთებს ვალაგებდი — ნაკრებში უნდა გავფრენილიყავი..

საკმაოდ დიდი დანაშაულის გრძნობა მქონდა, რადგან მე მამის გარეშე გავიზარდე. არასდროს დამავიწყდება, 8–9 ასაკში მეგობრებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი და ვხედავდი, როგორ მოდიოდნენ მათი მამები და ჩვენთან ერთად ერთვებოდნენ თამაშში. მე კი ვეკითხებოდი საკუთარ თავს:
„ჩემი მამა სად არის?“
ზოგჯერ დედას მთელი დღე საერთოდ ვერ ვხედავდი. როცა სკოლისთვის ვიღვიძებდი, ის უკვე წასული იყო. დაძინების წინ, ის ისევ სხვის სახლებს ალაგებდა..
როცა „პალმეირასში“ დავიწყე თამაში, ყოველ გოლზე ტრიბუნისკენ ვიხედებოდი — იქ არავინ მელოდა. ერთხელ დედამ გამაოცა და თამაშზე მოვიდა. გოლი გავიტანე და დღემდე მახსოვს ის გრძნობა, როცა ავიხედე და დავინახე, როგორ მიღიმოდა. ეს თითქოს გამოცხადება იყო. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეგრძნება..
მაშინ საკუთარ თავს პირობა მივეცი: როცა მამა გავხდები, ყოველთვის ჩემს შვილებთან ვიქნები..
მაგრამ, როცა ელენა დაიბადა, ეს ვერ შევასრულე. იქ ვიყავი, მაგრამ სულ გაფანტული, მუდმივად ფრენები გზაში..
ტრავმის მიღების შემდეგ, მასთან ახლო ურთიერთობის შესანიშნავი შანსი გამიჩნდა.
არსენალი“ ძალიან კეთილი აღმოჩნდა და გამოჯანმრთელების პერიოდში მეუღლესთან ერთად მგზავრობის უფლება მომცა, რათა ბრაზილიაში, სახლში ემშობიარა. ეს დრო სრულიად განსხვავებული იყო. კვირების განმავლობაში ელენა დედის მუცელს ეფერებოდა და ეუბნებოდა:
— „როდის გამოხვალ?“
მშობიარობამ იდეალურად ჩაიარა. ჩვენი ვაჟი, დანიელი, ჯანმრთელი და ღიმილით მოვიდა ამ სამყაროში. როცა ძიძამ ელენა საავადმყოფოში მოიყვანა, ოთახში შეიჭრა და დაიყვირა:
— „ოოო!!! ჩემი ძმა, დანიელი!! რა პატარაა!! გამარჯობა, დანიელზინიო!!“
დიახ, პროფესიულ ცხოვრებაში მუდამ ფეხბურთელობა მინდოდა, მაგრამ პირად ცხოვრებაში ჩემი ოცნება მამობა იყო..
ეს წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე არარეალური იყო. როცა ვიგრძენი, რომ საუკეთესო ფეხბურთს ვუბრუნდებოდი, „იუნაიტედთან“ მატჩში რაღაც დამემართა და ჩემი სამყარო დაინგრა. მაგრამ მჯერა, რომ ღმერთი ისეთ გამოწვევას არ მომცემს, საიდანაც უფრო ძლიერი ვერ დავბრუნდები. მან ბევრი კურთხევა მომცა ამის გადასატანად: ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები, ჩემი თანაგუნდელები და „არსენალის“ სამედიცინო შტაბი — საოცრები იყვნენ.
ხშირად მეკითხებიან:
„რატომ არ მიდიხარ? რატომ არა საუდის არაბეთში? ან უკან, ბრაზილიაში?“
ერთ დღეს მსურს, რომ ყველაფერი წრედ შეიკრას „პალმეირასთან“, მაგრამ დღეს არა.
ვგრძნობ, რომ „არსენალში“ დაუმთავრებელი საქმე მაქვს. არ მინდა წასვლა. როცა აქ, მიკელთან მოვედი, ჩემი მიზანი მხოლოდ გოლების გატანა არ იყო. ჩემი მიზანი ტიტულების მოგება იყო. პრემიერ ლიგაში პირველად გამოჩენის შემდეგ, ხშირად მესმოდა კითხვა:
— „ვინ არის ეს ბავშვი?“
მხოლოდ გოლების გამტანად მხედავდნენ. მაგრამ საკუთარ თავს ასე არ ვუყურებ. ჩემი ყველაზე ძლიერი თვისება ისაა, რომ ტიტულების მოსაგებად ყველაფერს ვაკეთებ..
„სიტიში“ ბევრ როლს ვასრულებდი — ზოგჯერ აგუეროსთან ერთად ვიტანდი გოლებს, ზოგჯერ ფლანგზე ვთამაშობდი, ზოგჯერ ფიზიკურ ძალას ვიყენებდი თამაშის ასაწყობად..
ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მომიყვანა არტეტამ აქ, წლების წინ. გუნდის დასახმარებლად ყოველთვის ცენტრალურ თავდამსხმელად თამაში არ მჭირდება..
აქ ამინდის გამო არ ვარ, ხომ იცით?
აქ ისტორიის დასაწერად ვარ!!..
და ვიცი, რომ ინგლისში ბრაზილიურ ფეხბურთს დიდად არ ადევნებთ თვალს, მაგრამ პატარა ისტორიის გაკვეთილს მოგცემთ: როცა 18 წლის ასაკში „პალმეირასის“ პირველ გუნდში ამიყვანეს, მათ ბრაზილიის ჩემპიონატი 22 წელია არ ჰქონდათ მოგებული..
ჩვენ „მძინარე გიგანტი“ გავაღვიძეთ, ტიტული მოვიგეთ — და მას მერე ვეღარ ჩერდებიან. როცა იქ ვბრუნდები, კლუბის დერეფნებში სიარულისას ყველგან თასებია, თასები, თასები. ძველი ლეგენდების ფოტოები და ასევე „ახალი ლეგენდების“ ფოტოები..
იგივე შეიძლება მოხდეს „არსენალშიც“. ჩვენც შეგვიძლია მძინარე გიგანტის გაღვიძება. ამ ქვეყანაში ჩამოსვლის დღიდან მიკელთან ვმუშაობ და ვიცი, რას ითხოვს ჩემგან..
ამ მწვრთნელთან და ამ შემადგენლობასთან ერთად ეს შეგვიძლია. მე ჩემს ფეხბურთს ვენდობი. ღმერთის გეგმას ვენდობი. და ვიცი, რომ თუ შანსს მომცემენ, გუნდს ჩემპიონატის მოგებაში დავეხმარები..
და ჰეი, ელენა
ახლა უკვე მართლა შეგიძლია მიყურო..
ცეკვა ცოტა ხნით შეწყვიტე!
სათამაშოები გვერდზე გადადე!
ეს ტელევიზორში მამას მეგობარი აღარ არის!
ეს მართლა მე ვარ. ბოლოს და ბოლოს........
მიყვარხართ ყველა!“