ენტონი ჯოშუა ოჯახთან ერთად მძიმე ავარიაში მოყვა - არის მსხვერპლი
ცნობილი ბრიტანელი და წარმოშობით ნიგერიელი მოკრივე, IBF-ის, WBA-ის, WBO-ისა და IBO-ს ვერსიით მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი, ენტონი ჯოშუა ნიგერიაში მძიმე ავტოავარიაში მოყვა. ავატიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ცოტა ხნის წინ ნიგერიაში, ოგუნის შტატის პოლიციამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ჯოშუა ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში არის გადაყვანილი. მასთან ერთად მკურნალობას კიდევ ერთი პირი გადის. ასევე, დადასტურდა ინფორმაცია, რომ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით, არ ვრცელდება. შემთხვევა ლაგოს-იბადანის ავტომაგისტრალზე მოხდა.
ჯოშუას კლინიკაში ყოფნაზე ინფორმაცია მისმა პრომოუტერმა, ედი ჰირნმა გამოცემა Mirror-ს დაუდასტურა, რომელიც აღნიშნავს, რომ მოკრივის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივი პოლიციის ოფიციალური განცხადება
„ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ჯოშუა და კიდევ ერთი პირი ჰოსპიტალიზებულნი არიან და მკურნალობას გადიან კლინიკაში, რომლის ადგილმდებარეობაც არ საჯაროვდება“.
BBC-ის ინფორმაციით, ოგუნის შტატის პოლიციის სამმართველომ ოფიციალურად დაადასტურა ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. გამოცემა The Times კი წერს, რომ ავარიის მიზეზი საბურავის გასკდომა გახდა, რის შედეგადაც მძღოლმა კონტროლი დაკარგა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, ჯოშუა ორმანქანიანი კოლონით გადაადგილდებოდა (Lexus-ისა და Pajero-ს მარკის ჯიპებით). მათივე ინფორმაციით, ბრიტანელი მოკრივე Lexus-ის უკანა სავარძელზე იჯდა. ავტომობილში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრი და ჯოშუას გვერდით მჯდომი პირი ადგილზევე გარდაიცვალნენ.
სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს დაბნეული ჯოშუა, რომელსაც სამოქალაქო პირები ნამსხვრევებიდან ამოსვლაში ეხმარებიან.
36 წლის ენტონი ჯოშუამ ამ თვის დასაწყისში, მაიამიში, ნოკაუტით დაამარცხა ინფლუენსერი ჯეიკ პოლი და 2026 წლისთვის დიდ გეგმებზე საუბრობდა.