მარსელო: “სპორტდარბაზში არასდროს დავდიოდი და დიეტას არ ვიცავდი“
მარსელომ მადრიდის რეალში და მთლიანად საფეხბურთო სამყაროში უდიდესი ეპოქა შექმნა და ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველად მოიაზრება.
როგორც ჩანს, ყოფილი ფეხბურთელი ხშირად სპორტული ცხოვრებით არ ცხოვრობდა. ამის შესახებ მან იკერ კასილასთან ერთად Under the Goalposts-ის პოდკასტში ისაუბრა.
მარსელო:
„გუშინ ჩემი ვიდეოები ჩემს შვილებს ვაჩვენე და ლიამმა მკითხა: „მაგ დროს მსუქანი ხომ არ იყავი?“ ვუთხარი: „რა თქმა უნდა. ჩემი აღნაგობა ყოველთვის ასეთი იყო. მუცელი მქონდა, კრიშტიანუსავით პრესი არასდროს მქონია“ — თქვა მან სიცილით.
თუმცა ეს ხუმრობები ვერ ფარავს რეალობას, რომელიც მის კარიერას თან სდევდა: მუდმივ კრიტიკას ფიზიკურ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეალს რთული პერიოდი ჰქონდა. მარსელოს ეს ყველაფერი ესმოდა, მაგრამ არასდროს აღელვებდა.
„მე არასდროს ვყოფილვარ ათლეტი. ყოველთვის მიყვარდა ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. რა თქმა უნდა, ვვარჯიშობდი, მაგრამ არასდროს დავდიოდი სპორტდარბაზში და არც მკაცრ დიეტებს ვიცავდი. მოგვიანებით, რაღაცებს უფრო სერიოზულად მოვკიდე ხელი. მაგრამ ჩემი სხეული ყოველთვის ასეთი იყო და ყოველთვის ერთნაირად ვთამაშობდი. თუმცა, რა თქმა უნდა, როცა რამე ცუდი ხდებოდა, ამბობდნენ, რომ ჭარბწონიანი ვიყავი. ეს ნორმალურია,“
— განმარტა ყოფილმა ფეხბურთელმა იმავე ბუნებრივობით, რომელიც მას ყოველთვის ახასიათებდა მოედანზე.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი სამეფო კლუბში 2007/2022 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე ერთად 546 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 38 გოლი გაიტანა და 104 საგოლე გადაცემა შეასრულა. მარსელომ რეალთან ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო, მათ შორის 5 ჩემპიონთა ლიგა.