„პლეიოფის სერიას ჰგავდა“ - ვემბანიამა ოკლაჰომასთან მესამე მოგებაზე
NBA-ის მოქმედი ჩემპიონი „ოკლაჰომა სიტი თანდერი“ მიმდინარე სეზონში „სან ანტონიო სპურსთან“ ზედიზედ მესამე მატჩში დამარცხდა. 14 დეკემბერს ტეხასელებმა „ოკლაჰომას“ NBA-ის თასზე 111:109 მოუგეს. 24 და 25 დეკემბერს კი უკვე რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში 130:110 და 117:102 იმარჯვეს.
მატჩის შემდეგ „სპურსის“ ფრანგმა ლიდერმა, ვიქტორ ვემბანიამამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მოქმედი ჩემპიონის ზედიზედ სამჯერ დამარცხება „პლეიოფს ჰგავდა“.
„ჩემპიონობისთვის ბრძოლა? ჯერ ნახევარი სეზონიც არ გასულა და წინ კიდევ ბევრი მატჩია დარჩენილი, ამიტომ შორეულ პერსპექტივებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ბოლო ორ კვირაში სამჯერ ვეთამაშეთ „ოკლაჰომას“ და მათ შესახებ ბევრი რამ შევიტყვეთ. ეს პლეიოფის სერიას ჰგავდა. სამჯერ მოვუგეთ და ბევრი ტაქტიკური დეტალი დავხვეწეთ. არ მინდა დაკონკრეტება, ამას საიდუმლოდ შევინახავთ, თუმცა ამ მატჩების შემდეგ მნიშვნელოვანი ცოდნა მივიღეთ“.
ცნობისთვის, დღევანდელ მატჩში ფრანგმა ცენტრმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, თუმცა 25 წუთში 19 ქულას, 11 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი.
ვემბანიამას ორმაგი დუბლი
„სპურსი“ 23 მოგებითა და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მეორე ადგილზეა, „თანდერი“ კი 26 მოგებითა და 5 წაგებით პირველ ადგილს ინარჩუნებს. მომდევნო მატჩს ტეხასელები 28 დეკემბერს საკუთარ კედლებში, „იუტას“ წინააღმდეგ გამართავენ, „ოკლაჰომა“ კი 29 დეკემბერს „ფილადელფიას“ მიიღებს.