მინესოტა ტიმბერვულვზი, ენტონი ედვარდსი, დენვერ ნაგეთსი, ნიკოლა იოკიჩი
Aa
Aa

იოკიჩის საშობაო ზღაპარი - სერბმა NBA-ს მორიგი რეკორდი მოხსნა

NBA-ში საშობაო ღამის მატჩები გაიმართა. რამდენიმე მათგანი საოცარი სცენარით გამოირჩა. „ნიქსისა“ და „კლივლენდის“ შეხვედრას უკვე შევეხეთ, ამჯერად „დენვერისა“ და „მინესოტას“ ხუთმეოთხედიან თრილერს შევეხოთ, რომელიც იოკიჩისა და კომპანიის გამარჯვებით 142:138 დასრულდა.

დიდ შესვენებამდე გუნდები თანაბარ ბრძოლაში იყვნენ და შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ამის შემდეგ ნამდვილი თრილერი დაიწყო. მესამე მეოთხედი „დენვერმა“ 35:23 მოიგო, თუმცა დასკვნითი მეოთხედი „მინესოტამ“ 37:23 დაუსვა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებით მე-5 მეოთხედში უკეთესი „დენვერი“ გამოდგა - 27:23.

მორიგი ზღაპრული მატჩი ჰქონდა სერბ ნიკოლა იოკიჩს, რომელმაც 42 წუთი ითამაშა და დომინანტური სამმაგი დუბლი გაიფორმა - 56 ქულა, 16 მოხსნა, 15 გადაცემა. ამ მაჩვენებლით იოკიჩი NBA-ს ისტორიაში რეკორდსმენი გახდა - ის ლიგაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც მსგავსი სამმაგი დუბლი დააფიქსირა - 55+ ქულა, 15+ მოხსნა, 15+ გადაცემა.

ორმაგი დუბლი ჰქონდა ჯამალ მარის, რომელმაც ასევე 42 წუთი ითამაშა - 35 ქულა, 10 გადაცემა.

„მინესოტას“ მხრიდან სუპერმატჩი ჰქონდა ენტონი ედვარდსს, რომელმაც 44 ქულა ჩააგდო, თუმცა ეს თამაშის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

„დენვერი" 22 მოგებითა და 8 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება, ხოლო „მინესოტა" 20 მოგებითა და 11 მარცხით მე-5 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები