თითოეულს ვაკვირდები და მათგან ვსწავლობ | სიმოეში ქოჩორასა და სხვა კონკურენტებზე
პორტუგალიური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა ჟოაუ სიმოეშმა A Bola-სთან ინტერვიუში მის კონკურენტებზე ისაუბრა. კერძოდ, ჰიდემასა მორიტაზე, გიორგი ქოჩორაშვილზე, გუნდის კაპიტან მორტენ იულმანსა და დანიელ ბრაგანსაზე.
- ვისგან ისწავლეთ ყველაზე მეტი მთავარ გუნდში?
- მორიტასგან. ის ყოველთვის ძალიან მეხმარებოდა.
- მაგრამ მასთან კომუნიკაციას როგორ ახერხებთ?
- ინგლისურად და პორტუგალიურად, მასაც ცოტა ესმის...
- საქმე ისაა, რომ პრესკონფერენციებზე ის მხოლოდ იაპონურად საუბრობს ხოლმე...
- მეც ვსაუბრობ ინგლისურად, მაგრამ ვფიქრობ მორიტა ნამდვილად ბევრ რამეში დამეხმარა. ჩემს პოზიციაზე ის ისეთი მოთამაშეა, რომელსაც პორტუგალიურ და საერთაშორისო ფეხბურთში უკვე დიდი გამოცდილება აქვს. ის, უდავოდ, შესანიშნავი გუნდელი და მეგობარია.
- იულმანი, ქოჩორაშვილი თუ მორიტა — ვისთან ერთად თამაშისას განვითარდით ნახევარდაცვაში ყველაზე მეტად?
- ვფიქრობ, სამივესგან რაღაც ვისწავლე. მგონია, რომ ისინი განსხვავებული მოთამაშეები არიან.
- გასულ სეზონში დანიელ ბრაგანსასთან ერთადაც თამაშობდით...
- დიახ თუმცა ამ ოთხეულიდან თითოეული განსხვავებულია, მათ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ. ვცდილობ, თითოეულ მათგანს დავაკვირდე და ყველასგან ცოტ-ცოტა ავიღო. არ ვფიქრობ, რომ სრულყოფილად ვთამაშობ, მაგრამ თუკი შევძლებ ცოტათი მაინც გავუმჯობესდე, რადგან ისინი ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები არიან, იმას მივაღწევ, რაც მინდა, ესაა უმაღლესი დონე, განვითარება, პროგრესის გაგრძელება და პიროვნულად თუ ფეხბურთელად გაზრდა.
- ისურვებდით ოდესმე მსოფლიო დონის ტოპ-კლუბში თამაშს, თუ ამჟამად თქვენი ფიქრები სრულად "სპორტინგზეა" კონცენტრირებული?
-მე უკვე ჩემს ოცნებაში ვარ, "სპორტინგში". აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. როგორც უკვე ვთქვი, აქ ვარ, კარგად ვარ, მომავალში კი ვნახოთ... რაც იქნება, იმისთვის ვიბრძოლებ.
შეგახსენებთ, ესპანურმა Sin Tregua Oficial-მა 12 დეკემბერს დაწერა, რომ ლისაბონის „სპორტინგი“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერით იმედგაცრუებულია და მზადაა იანვარში ქართველ ნახევარმცველს შეელიოს. ქოჩორაშვილის მიმართ პირველმა ინტერესი მისმა ყოფილმა კლუბმა „ლევანტემ“ გამოიჩინა, რომელიც მზადაა ფეხბურთელი იჯარით დაიმატოს. მიუხედავად ამისა, თუ მორიტა გუნდიდან წავა და პოტენციურად ქოჩორაშვილის სათამაშო დრო გაიზდება, ქართველის გუნდში დარჩენა რეალურია. ამ ეტაპზე ნახევარდაცვის ცენტრში იულმანი-სიმოეშის ან იულმანი-მორიტას წყვილი თამაშობს ხოლმე, ქოჩორაშვილი მეოთხე ვარიანტია და მცირე სათამაშო დრო აქვს.