“ახლა ტაქსის მძღოლი უფრო ვარ, ვიდრე ფეხბურთელი“ - აზარის ვრცელი ინტერვიუ
როგორც მოგეხსენებათ, ედენ აზარმა 2023 წელს კარიერა დაასრულა. მისი ბოლო კლუბი მადრიდის რეალი იყო, სადაც ვერ გაამართლა.
კარიერის დასრულებიდან ორნახევარი წლის შემდეგ, ბელგიელი ყოფილი ფეხბურთელი The Guardian-ს მის დღევანდელობაზე ესაუბრა.
აზარი:
„ცხოვრება ძალიან სწრაფად გადის. განსაკუთრებით ფეხბურთში. გუშინ 19 წლის ვიყავი, დღეს 35-ის. უნდა დატკბე ცხოვრებით — არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ყველაფერში. ოჯახი არის ის, რაც გეხმარება. ჩემი ცხოვრება მარტივია: სახლში ვარ და ვტკბები უბრალო რამეებით — მეუღლესთან, ბავშვებთან და ძმებთან ერთად. როცა თამაშობ, სულ გზაში ხარ, მაგრამ როცა დაასრულებ კარიერას, ბოლოს და ბოლოს გაქვს დრო მათთვის, სტრესის გარეშე.
მე არასდროს ვვარჯიშობდი დილის 10 საათზე! უბრალოდ შაბათს ვთამაშობდი და მორჩა. ახლა ჩემი ცხოვრება საკმაოდ უბრალოა. ხუთი შვილის მამა ვარ. ამ ეტაპზე უფრო ტაქსის მძღოლი ვარ, ვიდრე ფეხბურთელი — მაგრამ ესეც ნორმალურია.
შესაძლოა სასაცილო არ იყოს, მაგრამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაუვიწყარი იყო. მქონდა შანსი ჩემს ძმასთან ერთად მეთამაშა. ჩემი ქვეყნის კაპიტნობა წარმოუდგენელი განცდა იყო. ვგრძნობდით, რომ იმ წლებში ბელგია საოცარი გუნდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი მოვიგეთ, დღეს ხალხი ამბობს, რომ ჩვენ უფრო ძლიერი გუნდი ვიყავით, ვიდრე საფრანგეთი. ეს მაბედნიერებს.. არა იმიტომ, რომ მოვიგეთ, არამედ იმის გამო, რაც ერთად შევქმენით.

დღევანდელ ბავშვებს PlayStation და YouTube უყვართ. ჩემი ნომერ პირველი წესი იქნებოდა: გადით ქუჩაში, ითამაშეთ ფეხბურთი და ისიამოვნეთ მეგობრებთან ერთად. შეიძლება პარასკევს საერთოდ არ იყოს სკოლა — მხოლოდ ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, ხოლო შაბათ-კვირას მთლიანად ფეხბურთი.
ჩემპიონთა ლიგა ერთ-ერთი საუკეთესო ტიტულია მოსაგებად. თუნდაც ბევრი არ მეთამაშა, ისეთ კლუბში ყოფნა, რომელიც ასე ბევრს იგებს და ასეთ დიდ ფეხბურთელებთან ერთად თამაში — დაუჯერებელი გამოცდილება იყო.
პრემიერ ლიგის მოგება ძალიან რთულია — ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგის ან მსოფლიო ჩემპიონატის. ეს განსაკუთრებულია, რადგან იმდენი გუნდია, რომელსაც მისი მოგება შეუძლია. საქმე მხოლოდ ერთ მატჩში არ არის — ეს 10 ან 15-წლიანი კარიერის შედეგია.

არ მსურს დამიმხასოვრონ ისე, როგორც ლეგენდა.. უბრალოდ, როგორც კარგი ფეხბურთელი და კარგი, მხიარული ადამიანი. ამაზე მეტი არაფერი მჭირდება.
რა მჭირდება? ღვინის ბოთლი და ოჯახი.. ჩემ მომავალს ვხედავ, როგორც ბედნიერ ბაბუას, თეთრი თმით, ბავშვებით გარშემორტყმულს. ეს არის ცხოვრება, რომელიც მინდა.“

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი სხვადასხვა წლებში ლილში, ჩელსიში და მადრიდის რეალში თამაშობდა. ბელგიელმა კარიერის საუკეთესო წლები ლონდონურ კლუბში გაატარა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 352 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 110 გოლი გაიტანა და 88 საგოლე გადაცემა შეასრულა.