შესაძლოა, სპორტინგმა ქოჩორაშვილის კონკურენტი გაყიდოს | ზაფხულში იულმანიც მიდის
Maisfutebol-ის ინფორმაციით, ჰიდემასა მორიტას მიმართ ინტერესს კატარული კლუბები, „ალ-გარაფა’’ და „ალ-დუჰაილი’’ იჩენენ. ქოჩორაშვილის კონკურენტს „სპორტინგთან’’ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმდნენ, რომ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებენ. ასე რომ, გამორიცხული არაა პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონი იაპონელის ტრანსფერს დათანხმდეს და მის სანაცვლოდ გარკვეული თანხა მიიღოს.
წყაროს ცნობით, მორიტას კონტრაქტი „ლომებთან“ მხოლოდ 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას იანვრიდან ნებისმიერ გუნდთან წინასწარი ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია.
თურქული წყაროები მორიტას „ბეშიქთაშს’’ უკავშირებენ. მოკლედ, ფეხბურთელის მომავალი იანვარში გაირკვევა, რაც შესაძლოა ქოჩორაშვილის გუნდში დარჩენის საკითხთან კავშირში იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მორიტა სასტარტო 11-ის ფეხბურთელად არ ითვლება, პერიოდულად სასტარტოდან იწყებს და როტაციაში ქართველზე მეტ სათამაშო დროს იღებს.
მიმდინარე კვირაში CNN Portugal-მა დაწერა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მორიტასთან ერთად გუნდს ქოჩორაშვილის კიდევ ერთი კონკურენტი, გუნდის კაპიტანი მორტენ იულმანიც დატოვებს. იულმანი სეზონის ბოლომდე გუნდში დარჩება, მორიტა კი შესაძლოა შუა სეზონში დაემშვიდობოს გუნდს.
ესპანურმა Sin Tregua Oficial-მა 12 დეკემბერს დაწერა, რომ ლისაბონის „სპორტინგი“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერით იმედგაცრუებულია და მზადაა იანვარში ქართველ ნახევარმცველს შეელიოს. ქოჩორაშვილის მიმართ პირველმა ინტერესი მისმა ყოფილმა კლუბმა „ლევანტემ“ გამოიჩინა, რომელიც მზადაა ფეხბურთელი იჯარით დაიმატოს. მიუხედავად ამისა, თუ მორიტა გუნდიდან წავა და პოტენციურად ქოჩორაშვილის სათამაშო დრო გაიზდება, ქართველის გუნდში დარჩენა რეალურია.
ამ ეტაპზე ნახევარდაცვის ცენტრში იულმანი-სიმოეშის ან იულმანი-მორიტას წყვილი თამაშობს ხოლმე, ქოჩორაშვილი მეოთხე ვარიანტია და მცირე სათამაშო დრო აქვს.