„ინგლისში 13 წელი საერთოდ არ დამისვენია“ | კომპანი ზამთრის შესვენებით აღფრთოვანებულია
ვენსან კომპანი „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელია და გერმანიაში განსხვავებულ რეალობას შეეჩეხა — ზამთრის შესვენებას. კომპანის კარიერის დიდი ნაწილი ინგლისის პრემიერ ლიგაში აქვს გატარებული, სადაც მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს.
ინგლისში მატჩები დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისშიც იმართება, ბუნდესლიგაში კი სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. „რეკორდმაისტერმა“ ბოლოს 21 დეკემბერს ითამაშა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 11 იანვარს გამართავს. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა ბელგიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან.
„ეს ძალიან მაგარია. ადრე ამას საერთოდ ვერ ვამჩნევდი. 13 წლის განმავლობაში ზამთრის შესვენება არ მქონია და ოჯახთან დრო არ გამიტარებია. საუბარი მაქვს უბრალო კვირაზე — როცა სახლში ხარ, უყურებ, რას აკეთებენ ბავშვები სკოლაში და დროს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებ. მხოლოდ მაშინ ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პერიოდი და რამდენად გეხმარება ენერგიის შენარჩუნებაში.
ინგლისში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდება — ამ პერიოდში უფრო მეტი მატჩი აქვთ, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატი ელოდებათ, რასაც ახალი სეზონი მოჰყვება.
როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, მთელი წლის განმავლობაში ვთამაშობდით. 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავედით, შემდეგ კი მხოლოდ ექვსი დღე დავისვენე და ისევ თამაში დავიწყე. 13 წლის განმავლობაში ფაქტობრივად არ დამისვენია. ახლა ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია დასვენება“, — განაცხადა კომპანი.
ცნობისთვის, კომპანის გუნდს ბუნდესლიგაში ყველაფერი შესანიშნავად აქვს. 15 ტურის შემდეგ „ბაიერნის“ მონაგარი 41 ქულაა და „რეკორდმაისტერი“ მეორეადგილოსან „დორტმუნდს“ 9 ქულით უსწრებს.