ცხარე დისკუსია ფერნანდეშზე - რუნი და კინი ნევილის წინააღმდეგ
მიმდინარე სეზონში და არამხოლოდ მიმდინარეში, არამედ უკანასკნელი წლების განმავლობაში ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერ იუნაიტედის“ წამყვან ფეხბურთელად სრულიად სამართლიანად ითვლება, თუმცა მას ბევრი გულშემატკივარი დაუფასებელ მოთამაშედ მიიჩნევს და ამასთან დაკავშირებით საინტერესო კამათი შედგა. ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ინგლისური ფეხბურთის თანამედროვე ტენდენციებზე სასაუბროდ როი კინი, იან რაიტი, გარი ნევილი და უეინ რუნი იმყოფებოდნენ. ამდენი ვარსკვლავის ერთად თავმოყრით კარგად ისარგებლა გადაცემის წამყვანმა და თითოეულ მათგანს დაუსვა ასეთი შეკითხვა, იმსახურებს თუ არა ფერნანდეში „იუნაიტედის“ ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში ადგილს, რამაც ცხარე კამათი გამოიწვია.
გარი ნევილი
მოკლედ და კონკრეტულად: ბრუნო ფერნანდეშის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის სიმბოლურ გუნდში შეყვანა სრულიად ლოგიკურია. ასეთი გუნდი რამდენიმე კვირის წინ ვნახე, არ მახსოვს ვინ შეადგინა და იქ პორტუგალიელიც ეწერა - მას საოცარი სტატისტიკა აქვს.
როი კინი
სტატისტიკა, სტატისტიკა...
იან რაიტი
მაშინ მოდით არგუმენტებით ვისაუბროთ - ვის ნაცვლად შეგვყავს ბრუნო სიმბოლურში, ან ვინ გგონიათ, რომ მასზე უკეთესი იყო.
გარი ნევილი
ეს მხოლოდ განცხადებაა, არაფერს ვამტკიცებ.
უეინ რუნი
ცხადია, ფერნანდეშს მეც ტოპ-ფეხბურთელად მივიჩნევ, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის გუნდში? არა მგონია. თუნდაც ერიკ კანტონას ვამჯობინებდი. „იუნაიტედის“ ყველა გამორჩეულ ნახევარმცველს შემტევი პოტენციალი ჰქონდა და ბრუნოსთვის უპირატესობის მინიჭება მხოლოდ სტატისტიკის საფუძველზე? სისულელეა.
გარი ნევილი
101 საგოლე გადაცემა და 105 გოლი - მგონი სახუმარო ამბავი არ არის.
როი კინი
საოცარი მაჩვენებელია.
გარი ნევილი
დაუჯერებლად ძლიერია. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მისი ბობი ჩარლტონზე, ან პოლ სქოულზზე წინ დაყენება არ შეიძლება.
როი კინი
რა მოხდება, თუ უახლოეს მომავალში ფერნანდეში მანჩესტერს დატოვებს? ის ხომ ინგლისის ჩემპიონიც არ გამხდარა. 2020 წლიდან თამაშობს იუნაიტედში და მხოლოდ ლიგისა და ასოციაციის თასები მოიგო. ფეხბურთელი დიდი ტიტულების მოგების შემდეგ ხდება. გარი, შენს მიერ ნახსენებ ჩარლტონსა და სქოულზს თუ პორტუგალიელს შევადარებთ... მგონი ეს არ შეიძლება - ისინი დიდი პიროვნებები და დიდი მოთამაშეები იყვნენ. ბრუნო ამდენი წელია კლუბშია და რა მოიგო?
გარი ნევილი
ასოციაციის და ლიგის თასი. მისმინე, ჩემი კონტრარგუმენტი ასეთია: 1993 წელს, როდესაც ბრაიან რობსონი 35 თუ 36 წლის იყო, „მანჩესტერ იუნაიტედში“ სამჯერ მოიგო ინგლისის თასი და სხვა არაფერი, მაგრამ დონით ბრაიანს მე მაინც სტივენ ჯერარდის გვერდით ვაყენებ, რომელმაც „ლივერპულს“ თვით ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. იცით, ხანდახან ფეხბურთელი რჩება გუნდში და ამ გუნდს კრიზისული პერიოდის დაძლევაში ეხმარება - ბრუნო ამის ნათელი მაგალითი და „იუნაიტედის“ ნათელი წერტილია.
უეინ რუნი
მე ფერნანდეშს ძალიან ვაფასებ. ის ბოლო წლების სუსტი „იუნაიტედის“ უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ამის გამო მის ყველა დროის მანჩესტერელებს შორის მოხვედრას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები.
როი კინი
მე უფრო მეტად ვაფასებ ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც თუნდაც ჰქონდეს ცოტა გოლი გატანილი და ცოტა საგოლე პასი შესრულებული, ოღონდ კლუბს ტიტულები მოაგებინოს.
ცნობისათვის, ამ ფეხბურთელების მონაწილეობით შემდგარი გადაცემა როგორც მოსალოდნელი იყო, საოცრად რეიტინგული გამოდგა და ინგლისელმა ჟურნალისტებმა დიდი მცდელობის მიუხედავად, ბრუნო ფერნანდეშს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვერ გააკეთებინეს.