„დიდებული ფეხბურთელები დიდ მატჩებში დიდებულად თამაშობენ“ - ფრანგი ჟურნალისტი ხვიჩაზე
ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა და გავლენიანი გამოცემა Le Parisien-ის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელმა, ლორან პერინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელის თამაშზე თავისი აზრი დააფიქსირა.
რას ამბობს პერინი:
„არის თუ არა ხვიჩა დღეისთვის გუნდის წამყვანი მოთამაშე? ეს რთული კითხვაა, რადგან კვარას წინა მაღალ დონეზე თამაშის დაბრუნება ემთხვევა ყველა იმ კომპონენტის დაბრუნებას, რამაც 2025 წელს პსჟ მსოფლიოს საუკეთესო გუნდად აქცია: თავდაჯერებულობა, შეთამაშება, შთაგონება, სოლიდარობა და შეკრულობა. კვარა ბრწყინავს იმიტომ, რომ თანაგუნდელები მას საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევენ. დანარჩენს კი ნიჭი აკეთებს – თუნდაც იმ სამი გოლით, რომლებმაც „ჩელსისთან“ ამ მერვედფინალის ბედი გადაწყვიტა. არ მინდა მისი მიღწევა დავაკნინო, ეს მართლაც ფანტასტიკური იყო. თუმცა, ეს ასევე ემთხვევა სხვების უმაღლეს დონეზე თამაშსაც, მაგალითად, როგორებიც არიან ბარკოლა, დემბელე პირველ მატჩში, ვიტინია და ჰაკიმი. როდესაც ყველა მათგანი ერთდროულად მაღალ დონეზე იწყებს თამაშს, „პარიზი“ საშიშ მანქანად იქცევა.“
„ირჩევს თუ არა თამაშებს? „დიდი მოთამაშეები დიდ თამაშებში დიდებულად თამაშობენ. არ ვფიქრობ, რომ კვარაცხელია თავად ირჩევდეს მატჩებს, მაგრამ ქვეცნობიერად, ის ალბათ ნაკლებად „დამუხტულია“ „ლე ავრის“ ან „მეცის“ წინააღმდეგ. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ძალიან საინტერესო ინტერვიუ „ჩელსისთან“ პირველ მატჩამდე და სწორედ იქ ვკითხეთ, იყო თუ არა რთული მოტივაციის დაბრუნება ისეთი გიჟური წლის შემდეგ, როგორიც 2025 წელი იყო. მან კი გულწრფელად გვიპასუხა: „როდესაც ისეთ რაღაცას იგებ, რისკენაც გარკვეული დროის განმავლობაში მიისწრაფოდი, შემდეგ, შესაძლოა ცოტა მოდუნდე. მაგრამ პსჟ-ში კარგი ის არის, რომ მწვრთნელი, შტაბი და მთელი გუნდი მოტივირებულები არიან, რომ კიდევ ბევრჯერ მოიგონ“.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება საფრანგეთის ლიგა 1-ს, ქართველმა შემტევმა 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 ასისტია.