საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

შეკრების პირველ დღეს ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ, ხოლო ლუკა გუგეშაშვილი, ივა გელაშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი კვერნაძე ნაკრებს 24 მარტიდან შეუერთდებიან.

მარტის შეკრების პირველი ვარჯიშის დაწყებამდე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული პრესკონფერენციაზე, ნაკრების მთავარმა მწვრთნლემა, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მოახლოებულ სანაკრებო მატჩებთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხეს.

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „მიზანი, როგორც ყოველთვის, არის სწორი ბალანსის პოვნა ჩვენს დაცვით და შეტევით შესაძლებლობებს შორის. იმედგაცრუებული ვარ ბოლო ექვსი თვის შედეგებით. განსაკუთრებით საკვალიფიკაციო ეტაპზე სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში, რადგან ვფიქრობ, უკეთ შეგვეძლო თამაში, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ.

თუმცა, ზოგჯერ სწორედ რთულ ვითარებაში იწყებ გამოსავლის პოვნას. ახლა, მარტიდან ივნისამდე ოთხი ამხანაგური თამაში გვაქვს და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა სიახლეებისთვის. ვგულისხმობ როგორც ახალ მოთამაშეებსაც, ისე ტაქტიკურ ორგანიზაციას. რა თქმა უნდა, ამ ოთხ მატჩს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვცადოთ სხვადასხვა ვარიანტი და ვიპოვოთ საუკეთესო ბალანსი მომავალი წლისთვის.

ერთა ლიგის ახალ გათამაშებას ამბიციით ველოდებით. არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებთ და A ლიგაში გადავალთ, მაგრამ ჩვენი მიზანი თავიდანვე იქნება პირველი ადგილის დაკავება — ეს ბუნებრივია ნებისმიერი ტურნირისთვის.თუმცა ვიცით, რომ უნგრეთთან, ირლანდიასთან და უკრაინასთან ძალიან რთული ჯგუფი იქნება. ამიტომაც ეს ოთხი მატჩი მარტსა და ივნისში ძალიან მნიშვნელოვანია რათა მივიღოთ პასუხები ჩვენს კითხვებზე და მაქსიმალურად გავზარდოთ მოთამაშეების თავდაჯერება“.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): „მინდა, პირველ რიგში, გამოვხატო თითოეული ჩვენგანის ღრმა მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, სრულიად საქართველოსა და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი ტკივილი და მძიმე დანაკლისია. პატრიარქის თითოელი სიტყვა და დამოკიდებულება ადამიანების მიმართ ბევრი ჩვენგანისათვის ცხოვრების მაგალითად დარჩება. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ რამდენჯერმე მქონდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა — თითოეული ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი ფეხბურთელი დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, 17-წლამდე ნაკრებთან ერთად იყო შეკრებაზე მათე ისაკაძე, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის 15-წლამდე ნაკრების კაპიტანია. ძალიან გვიხარია, რომ ჩამოვიდა და იმედი გვაქვს, მომავალში საქართველოს ნაკრებს აირჩევს. შემდეგ შეკრებაზე ჩამოვა ნიურნბერგის 17-წლამდე გუნდის წევრი, რომელიც დედით ქართველია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ მეტი ქართველი ფეხბურთელი დავაბრუნოთ საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს კონკურეციის ზრდას და ჩვენი ნაკრებების გაძლიერებას.

ვმუშაობთ ივნისის მეორე ამხნაგური მატჩის ორგანიზებაზე. მეტოქის შერჩევისას, რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია მთავარ მწვრთნელთან. სწორედ მწვრთნელის იდეების და მომავალი მეტოქეების გათვალისწინებით შეირჩა ისრაელის და რუმინეთის ნაკრებები. ვფიქრობ, ბევრი აქვთ საერთო ჩვენს მომავალ მეტოქეებთან“.

მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვას შეხვდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინტერესი რეალურია, მაგრამ...“ - რომანომ კვარა-არსენალზე ისაუბრა
„ინტერესი რეალურია, მაგრამ...“ - რომანომ კვარა-არსენალზე ისაუბრა