ხელფასის შემცირება და ბონუსების გაზრდა - პსჟ და დემბელე მოლაპარაკებებს იწყებენ
„პარი სენ-ჟერმენმა“ უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, კონტრაქტების გახანგრძლივებისას ახალი მიდგომა დანერგოს, რომელიც ხელფასების შემცირებასა და ბონუსების გაზრდას ითვალისწინებს. Le Parisien-ის ცნობით, ასეთი სტრატეგიით კლუბი ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებას ცდილობს.
თავის მხრივ, 28 წლის დემბელესთვის, რომელიც ტრავმებისადმი მიდრეკილ ფეხბურთელად ითვლება, ეს გარემოება შესაძლოა მიუღებელი აღმოჩნდეს. გამოცემის წყაროების მტკიცებით, მოლაპარაკებები შესაძლოა ისეთივე ჩიხში შევიდეს, როგორც ეს ჯანლუიჯი დონარუმას შემთხვევაში მოხდა, რის შემდეგაც იტალიელმა „პარკ დე პრენსი“ დატოვა და „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დემბელეს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში ფრანგმა შემტევმა კლუბთან ერთად ტრებლი მოიგო, რის შედეგადაც „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულიც გახდა.
მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 14 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. Transfermarkt-ის შეფასებით, დემბელეს საბაზრო ღირებულება ამჟამად 100 მილიონ ევროს შეადგენს.