უთხრეს, ფეხბურთს ვერასდროს ითამაშებდა | ცალი თვალით ხედავს და აფრიკის თასზე გაიტანა
აფრიკის თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბურკინა ფასომ ეკვატორულ გვინეას საოცარი მატჩი მოუგო. 94-ე წუთზე ბურკინა ფასო 0:1-ს აგებდა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე და მერვე წუთებზე ორი გოლი გაიტანა და 2:1 გაიმარჯვა.
ბურკინა ფასოს შემადგენლობაში პირველი ბურთი ჯორჯი მინუნგუმ შეაგდო — ფეხბურთელმა, რომელსაც ცალ თვალში მხედველობა დაკარგული აქვს. მინუნგუ აფრიკის თასზე პირველად თამაშობს, რაც თავისთავად ნამდვილ სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს.
„ჩემს ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი ურთულესი მომენტი იყო. კლუბთან ხელშეკრულების გაფორმებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ შემდეგ არ ვიცი, რა მოხდა. ვარჯიშიდან ვარჯიშამდე მხედველობის პრობლემები დამეწყო და საბოლოოდ, მითხრეს, რომ ოპერაცია უნდა ჩამეტარებინა.
ცალ თვალში მხედველობა დავკარგე და მარცხენა თვალით ვეღარ ვხედავ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ერთი თვალი მაქვს, თუმცა შემიძლია მათზე უკეთ ვითამაშო, ვისაც ორი თვალი აქვს. ასეთი დამოკიდებულება მაქვს“, — განაცხადა მინუნგუმ.
ბურკინა ფასოელ ფეხბურთელს ინფექცია განუვითარდა და ექიმებმა თვალი შეუნარჩუნეს, თუმცა მხედველობის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეტიც, მას უთხრეს, რომ ფეხბურთს ვეღარასდროს ითამაშებდა, მაგრამ მინუნგუ ამ გამოწვევას არ შეუშინდა.