ფლიკისთვის პრიორიტეტული საკითხია - ბარსა რაშფორდის შენარჩუნებას ეცდება
„ბარსელონა“ აქტიურად მუშაობს მარკუს რაშფორდის კლუბში შესანარჩუნებლად. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება.
მისი ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ თავკაცმა, ჰანსი ფლიკმა რაშფორდის შენარჩუნების საკითხი პრიორიტეტებს შორის დააყენა და კლუბის ხელმძღვანელობას ამ მიმართულებით საჭირო მუშაობის დაწყება სთხოვა.
28 წლის რაშფორდი „ბარსელონას“ იჯარით „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ შეუერთდა და განაცხადა, რომ მისი მიზანია, კლუბში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. კატალონიურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს, რაც, მედიის ინფორმაციით, მათ 30 მილიონი ევრო დაუჯდებათ, მაგრამ ჯერჯერობით ეს განზრახვა ოფიციალურად არავის დაუფიქსირებია.
რამდენიმე კვირის წინ „ბლაუგრანას“ სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ განაცხადა, რომ რაშფორდთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სეზონის ბოლოს იქნება მიღებული და ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს როგორც „ბარსას“ სპორტული შედეგები, ისე ფინანსური მდგომარეობა.
მიმდინარე სეზონში რაშფორდმა „ბარსელონას“ მაისურით 24 მატჩი ჩაატარა - მის ანგარიშზეა 7 გოლი და 11 საგოლე გადაცემა. Transfermarkt-ის შეფასებით, ინგლისელის საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.