„ფერანის რჩევით ასე ვაკეთებ“ - პედრის რეჟიმის დეტალები
არამხოლოდ წლევანდელ სეზონში, არამედ უკანასკნელი წლების განმავლობაში პედრი „ბარსელონას“ საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მართალია, ახალგაზრდა ნახევარმცველი ხშირად იღებს ტრავმებს, თუმცა როგორც თავად „ელ პაისთან“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, საამისოდ პრევენციას უკვე მიმართა, გადაწყვეტილებების მიღებაში კი, ყველაზე მეტად თანაგუნდელი და ახლო მეგობარი, ფერან ტორესი ეხმარება.
პედრი
უკანასკნელ პერიოდში ჩემს დღის რეჟიმსა და მზადების პროცესში გარკვეული ცვლილებები შევიტანე, რათა ტრავმის მიღების რისკი შემემცირებინა. მაგალითად, ვსაუზმობ მხოლოდ მატჩის დღეს, თანაც საკმაოდ ნოყიერად და ეს ყველაფერი ძალების აღდგენაში უზომოდ მეხმარება.
მსგავს გადაწყვეტილებებს ფერან ტორესის რჩევებით ვიღებ, რომელიც ასეთ საკითხებში კარგად ერკვევა. ჩვენ არამხოლოდ ერთ ოთახში ვცხოვრობთ, არამედ საწვრთნელ ბაზაზეც ერთი მანქანით დავდივართ და რატომღაც საჭესთან დაჯდომა სულ მე მიწევს, რაც არ მეზარება. პრობლემა მხოლოდ მისი ატანაა (იცინის). დილით ძინავს, უკანა გზაზე კი უკვე ძალიან ბევრს საუბრობს და ეს ძნელად მოსასმენია (იცინის). მე როგორც ყველა კანარის კუნძულელი მშვიდი ვარ, ფერანი კი ენერგიული და მოუთმენელი, რის გამოც ერთმანეთს კარგად ვავსებთ.
ცნობისათვის, პედრის ანგარიშზე ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 2 გოლი და 5 საგოლე პასია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში თავი 1 ასისტით გამოიჩინა.