მსოფლიოს ტოპ 100 ფეხბურთელი | კვარა FourFourTwo-ს რეიტინგის საუკეთესო ათეულშია
The Guardian-ის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი FourFourTwo-მაც გამოაქვეყნა. The Guardian-ის მსგავსად, FourFourTwo-მაც ტოპ 100 შემოგვთავაზა და „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია მერვე ადგილზე გაიყვანა (The Guardian-ის რეიტინგში ხვიჩა მე-14 გახლავთ).
„ცხადია, განსაკუთრებული უნდა იყო, ნაპოლის გულშემატკივრებმა ისეთი მეტსახელი რომ შეგარქვან, რომელიც დიეგო მარადონას უკავშირდება. მისთვის „კვარახონა“ ან „კვარაბალი“ რომ შეერქმიათ, იგივე ჟღერადობა და ეფექტი ნამდვილად არ ექნებოდა.
სწორედ ამიტომ, იტალიის დატოვება ძალიან თამამი ნაბიჯი იყო. ანტონიო კონტეს გუნდი სკუდეტოსკენ მიდიოდა — რომელიც საბოლოოდ მოიგო კიდეც — თუმცა ნაპოლის იანვარში დატოვებით ხვიჩა კვარაცხელიამ არა მხოლოდ საკუთარი ამბიციები აჩვენა, არამედ ისინი რეალობად აქცია და ტრებლი მოიგო.
ქართველი მართლაც უნიკალური ფეხბურთელია და ჯანფრანკო ძოლამ ის ჯორჯ ბესტს შეადარა. კვარაცხელიას აქვს ძალა და ელეგანტურობა — კომბინაცია, რომელიც ფეხბურთში ძალზე იშვიათია. მას შეუძლია, მცველებს შორის უსწრაფესად გაიაროს და მეკარეს ოსტატურად გაუტანოს.
ამ მხრივ, კვარაცხელია იდეალური პარტნიორია ისეთი ფეხბურთელებისთვის, როგორებიც დემბელე და დუე arian, რომლებიც ინტენსიურობის მიუხედავად მისი მსგავსი გრაციოზულობით გამოირჩევიან. ხვიჩა ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და ვინ იცის, სად იქნება რამდენიმე წლის შემდეგ“, — წერს FourFourTwo.
ცნობისთვის, კვარაცხელიაზე მაღლა მხოლოდ შემდეგი ფეხბურთელები იმყოფებიან: პედრი (მეშვიდე ადგილი), რაფინია (მეექვსე), კილიან მბაპე (მეხუთე), უსმან დემბელე (მეოთხე), ჰარი კეინი (მესამე), ერლინგ ჰოლანდი (მეორე) და ლამინ იამალი (პირველი).