„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“ - ქეცბაია ზამთრის ტრანსფერებზე
ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ მედიასთან ინტერვიუს დროს გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე და ზამთრის ფანჯრის გეგმებზე ისაუბრა.
რას ამბობს ქეცბაია:
„სამწუხაროდ, ბევრის შესაძლებლობა არ გვაქვს. გუნდი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და ამაში დამნაშავე წინა წლებში, ადმინისტრაციაში მყოფი პირები არიან, რომლებმაც ძალიან ცუდი მენეჯმენტის გამო, „ანორთოსისს“ მილიონობით დავალიანება დაედო. ბუნებრივია, ეს გუნდზე პირდაპირ მოქმედებს.“
„რაც შეეხება ტრანსფერებს, გუნდის გაუმჯობესება გვინდა. იანვარში ტრანსფერები ყოველთვის რისკიანია და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ შესაძლებლობა გვექნება, უკეთეს მოთამაშეებს ვიპოვით და მოვიყვანთ. გაძლიერება ყველა პოზიციაზე გვინდა - დაცვაში, ცენტრში, შეტევაში... მაგრამ სწორი ფეხბურთელები უნდა ვიპოვოთ.“
15 ტურის შემდეგ, „ანორთოსისს“ კვიპროსის ჩემპიონატში 2 მოგება, 8 ფრე და 5 მარცხი აქვს და შესაბამისად, 14 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება. ქართველი სპეციალისტის გუნდი მომდევნო მატჩს 4 იანვარს, სტუმრად „აეკ ლარნაკასთან“ გამართავს.