„მას ძალაუფლება საერთოდ არ ჰქონდა“ - როსელი ნეგრეირას საქმეზე
ეგრეთწოდებულ „ნეგრეირას საქმეზე“ „ბარსელონასთან“ დაკავშირებული გამოძიება გრძელდება, თუმცა კატალონიის კლუბისთვის ბრალის დამტკიცება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. საქმე ეხება 2001-2018 წლებში ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას ანგარიშზე ჩარიცხულ 7,7 მილიონ ევროს, რომელსაც ის ვარაუდობენ, რომ ქრთამის სახით იღებდა. მსგავსი ფაქტების არსებობა კატეგორიულად უარყო „ბლაუგრანას„ ყოფილმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ნეგრეირას კარგად ვიცნობდი, მაგრამ მერწმუნეთ, მის ანგარიშზე მსგავსი თანხა მე, ან „ბარსას“ სხვა პრეზიდენტს რომ ჩაერიცხა, ჩვენი მხრიდან ეს სულელური საქციელი იქნებოდა. იცით რატომ? ნეგრეირას იმხელა ძალაუფლება არ ჰქონდა, რომ მსაჯებზე რაიმე ზეგავლენა მოეხდინა, რადგან ის მხოლოდ სამსაჯო კორპუსის ტექნიკური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. არბიტრებზე ზეგავლენას ახდენდნენ სამსაჯო კორპუსის პრეზიდენტები და დამიჯერეთ, თითოეული მათგანი „რეალის“ გულშემატკივარი იყო“.
შეგახსენებთ, რომ სანდრო როსელი „ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტს 2010-2014 წლებში იკავებდა, იქამდე კი, ჟოან ლაპორტას ხელმძღვანელობის პერიოდში, 2003-2005 წლებში კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.