„ეს წარმოუდგენელია და დაცინვაა“ - ფლიკი რაფინიასა და FIFA-ზე
ჰანს-დიტერ ფლიკმა წლის სიმბოლურ ნაკრებში რაფინიას ვერმოხვედრაზე ისაუბრა. „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს არ ესმის, რატომ ვერ მოხვდა ვინგერი რაფინია დიასი FIFA-ს წლის გუნდში.
„ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. მართალია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სიმბოლურ ნაკრებებზე დიდი წარმოდგენის არ ვარ, მაგრამ FIFA-ს გადაწყვეტილება სასაცილოა. ის, რომ რაფინია შემადგენლობაში ვერ მოხვდა - უბრალოდ დაუჯერებელია. გასულ სეზონში ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო. მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე, მთავარ ტურნირზე, მან 22 შედეგიანი მოქმედება მიითვალა.
თუ მის გოლებს, საგოლე გადაცემებსა და გავლენას შეხედავთ, მისი წვლილი უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ეს მის მიმართ უსამართლობაა. ეს დაცინვაა. ვერ ვიჯერებ, რომ ის მსოფლიოს თერთმეტ საუკეთესო ფეხბურთელს შორის არ არის. ასეთი სეზონის შემდეგ მან ეს დაიმსახურა. ეს ყოვლად წარმოუდგენელია“,
— განაცხადა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ რაფინია საოცარი სეზონის შემდეგ France Football-მა ოქროს ბურთის, FIFA-მ კი The Best-ის სამეულს მიღმა დატოვა.