ფეხბურთელებში გამარჯვების წყურვილი აღარ ჩანდა | კობიაშვილმა წელი ნეგატიურად შეაფასა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში „სპორტი იმედზე'' 2025 წელს ეროვნული ნაკრების თამაში ნეგატიურად შეაფასა.
ლევან კობიაშვილი: „წლის პირველი ნახევარი საკმაოდ კარგად ჩავატარეთ. ფლეი-ოფში სომხეთთან შთამბეჭდავად ვითამაშეთ. მოლოდინი ნამდვილად გქონდა, რომ მთელი წელი პოზიტიურად უნდა წასულიყო, თუმცა მეორე ნახევარში იმედგაცრუება იყო. ეს არ იყო, რაც ჩვენ გვინდოდა. ეს არ იყო, რისი იმედიც და სურვილიც გვქონდა. საბოლოოდ ის შედეგი მივიღეთ, რაც პოზიტიურად და დამაკმაყოფილებლად ვერ შეფასდება. სამწუხაროდ, ამის თქმა მიწევს, მაგრამ რეალობა ესაა.
გასახდელში არაფერი დარღვეულა, თუმცა მაშინ ლოგიკურად ისმის კითხვა, თუ რა არის პრობლემა. შესაძლოა, თამაში წააგო, მაგრამ ეს არ იყო ის გუნდი, რომლითაც ვამაყობთ.
ყველა წაგება მტკივნეული იყო, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეული ესპანეთთან თამაში იყო. ასეთი უსუსური ეროვნული ნაკრები დიდი ხანია არ მინახავს.
„შიმშილი'' აღარ ჩანდა (გულისხმობს გამარჯვების წყურვილს). გარკვეულ მოთამაშეებს საკუთარ თავებთან ბრძოლა ჰქონდათ, ანთებულები აღარ იყვნენ და ყველაზე მთავარი რაც არის, ამ წარმატების მთავარი რგოლი დაცვის ხაზი იყო, რაც ჩვენი ნაკრების ფუნდამენტი იყო. გასულ წლებში დაცვაში ძალიან ძლიერად და სტაბილურად ვიდექით.
არ ვიშრომეთ ისე, როგორც მანამდე ვშრომობდით. მონდომება გვაკლდა და მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ.
პასუხისმგებლობა ყველასია, ჩემით დაწყებული, მწვრთნელი და ფეხბურთელები.... ყველაფერზე პასუხისმგებელნი ჩვენ ვართ. ეს შედეგი ყველას პასუხისმგებლობაა.
თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, პრობლემები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ზოგიერთმა და ზოგადად ყველამ იმ წარმატების (ევრო 2024-ს გულისხმობს) შემდეგ ცაში ფრენა დავიწყეთ და საბოლოო ჯამში დავეცით მიწაზე და ამის შემდეგ ისევ უნდა დავდგეთ ფეხზე და დავბრუნდეთ იქ, სადაც ვიყავით''.
კობიაშვილმა აქცენტი ფეხბურთელებზე გააკეთა. მისი თქმით, მოთამაშეებში გამარჯვების წყურვილი აღარ ჩანდა. მას სანიოლის პასუხისმგებლობის საკითხზე, მის შეცდომებზე არ უსაუბრია. როგორც ჩანს, ნაკრებს მომავალში კვლავ ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს და ფედერაცია კრიზისიდან გამოსვლას სანიოლთან ერთად ხედავს, რომლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე თამაშის შემდეგ ორი ჯგუფური ეტაპი ჩააგდო.