ლევან კობიაშვილი
Aa
Aa

განვლილი წლის შეჯამება, ევრო 2024, მომავალი ერთა ლიგა... - ლევან კობიაშვილის ინტერვიუ UEFA-სთან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა UEFA-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და ქართულ ფეხბურთში, განვლილი წელი შეაფასა. სფფ-ის პრეზიდენტს ევრო 2024-ზე და სხვა საინტერესო თემებზეც ჰკითხეს.

ლევან კობიაშვილის ინტერვიუ:

როგორ შეაფასებთ 2025 წელს ქართული ფეხბურთისთვის?

„ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, რადგან ევრო 2024-ზე მონაწილეობის შემდეგ ახალ დონეზე და ახალ ეტაპზე გადავედით, გარედან ყურადღებაც უზარმაზარი იყო. ჩვენი ნაკრებისთვის არაერთგვაროვანი წელი იყო, სომხეთთან პლეი-ოფში გამარჯვების შემდეგ, ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩენა მოვახერხეთ, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთთან და თურქეთთან ერთად, წარმოუდგენლად რთულ ჯგუფში მოვხვდით.“

„2023 წლის თანამასპინძლობის შემდეგ, ჩვენი 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და ასევე, მეორედ მოვხვდით ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ზედიზედ ხუთი წელია სხვადასხვა ფორმატში მნიშვნელოვანი ტურნირის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს, რაც ჩვენთვის დიდი მიღწევაა.“

რა იდგა ევრო 2024-ზე, ამ საკვალიფიკაციო ეტაპის უკან?

„ერთი რამ ჩემთვის ცხადია - ეს მხოლოდ იღბალი არ ყოფილა. ეს იყო შრომისმოყვარეობისა და კარგი თამაშის შედეგი, მთელი ჩვენი საფეხბურთო ეკოსისტემის მასშტაბით - ფედერაციიდან დაწყებული, კლუბებით, მწვრთნელებითა და ფეხბურთელებით დამთავრებული.“

„თუ ყველა ერთად ვიმუშავებთ, ყოველდღიურად, ყოველ კვირას, ყოველ თვე და მაქსიმუმს გავცემთ, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ წარმატება მოვა, სადაც არ უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდა, მაგრამ ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას მივაღწევდით, რადგან საქართველოში ყოველდღე ვხედავ, როგორ ვითარდებიან და შრომობენ ახალგაზრდა მწვრთნელები და მოთამაშეები. საბოლოო ჯამში, ამ წარმატებას ყველამ ერთად მივაღწიეთ.“

„რა თქმა უნდა, ასევე დაგვეხმარა ის ფაქტი, რომ ძალიან კარგი თაობა გვყავს ისეთი ცნობილი სახელებით, როგორებიც არიან კვარაცხელია, მამარდაშვილი და სხვა წამყვანი მოთამაშეები. თუმცა, როგორც ხშირად ვხედავთ, მხოლოდ კარგი მოთამაშეები საკმარისი არ არის. ყველა - მთელი ქართული საფეხბურთო ოჯახი უნდა იდგეს ამის უკან, იცოდეს თავისი როლი და შეასრულოს თავისი საქმე. ამიტომ ვამბობ, რომ ეს იღბალი არ ყოფილა, ჩვენ ეს დავიმსახურეთ.“

„საქართველოში ყველა ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრები ისეთ მნიშვნელოვან ტურნირზე ითამაშებდა, როგორიც ევროპის ჩემპიონატია და მე ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ეს შევძელით და არა მხოლოდ მონაწილეობა მივიღეთ, არამედ ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და ჯგუფიდანაც გავედით. პორტუგალია დავამარცხეთ და ესპანეთთან თითქმის 40 წუთის განმავლობაში ვლიდერობდით. ეს საოცარი და ძალიან მხიარულიც იყო.“

„ახლა გვსურს, რომ შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ და დიდ ტურნირზე კიდევ მოვხვდეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევრო 2024 არ იყოს პირველი და უკანასკნელი.“

რამდენად მნიშვნელოვანი იყო ერთა ლიგა ეროვნული ნაკრების განვითარებისთვის?

„ერთა ლიგა ფანტასტიკური იდეა და ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დაგვეხმარა.“

„მახსოვს, პირველი გამოშვება - საქართველო D ლიგაში იყო, ახლა კი B ლიგაში ვთამაშობთ. ეს უკვე დიდი ნაბიჯია და უფრო ძლიერ გუნდებთან და ხარისხიან მეტოქეებთან თამაში გვსიამოვნებს.“

„მეორე მხრივ, ზეწოლა ყოველთვის არსებობს, რადგან ხალხს პროგრესი სურს. ახალ გვაქვს ამბიცია, რომ A ლიგაში მოვხვდეთ - და რატომაც არა? თუმცა, არსებობდა C ლიგაში დაქვეითების რისკიც და პოზიციის შესანარჩუნებლად კარგად უნდა გვეთამაშა, რომ პლეი-ოფში სომხეთი დაგვემარცხებინა.“

„ახლა მოუთმენლად ველით თებერვალში დაგეგმილ წილისყრას, სადაც ახალი ჯგუფი გახდება ცნობილი. ერთა ლიგა დიდ სიხარულს გვანიჭებს და როგორც ვთქვი, ეს ჩვენთვის იღბლიანი შეჯიბრია, რადგან ამან ევრო 2024-ზე მოხვედრის შესაძლებლობა მოგვცა, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია.“

რამ გადაგაწყვეტინათ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელობის ნაცვლად ადმინისტრაციულ სამსახურში გემუშავათ?

„ყოველთვის ვამბობდი, რომ კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოში დავბრუნდებოდი და სწორედ ეს მოხდა 2015 წელს.“

„წარსულს რომ გადავხედოთ, ფიფას რეიტინგში 156-ე ადგილზე ვიყავით - ეს სასტიკად რთული პერიოდი იყო ქართული ფეხბურთისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის, მაგრამ მინდოდა ჩემი გამოცდილება გამომეყენებინა და ჩემს ქვეყანაში ფეხბურთისთვის დახმარება გამეწია. დარწმუნებული ვიყავი, რომ სიტუაციის გაუმჯობესება შეგვეძლო.“

„თავიდანვე ნათელი იყო, რომ მწვრთნელობის გზას არ ავირჩევდი, არ ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო, მაგრამ ლიცენზია მოვიპოვე, რადგან ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურმა პირებმა გაიგონ, როგორ მუშაობს მწვრთნელი და რას მოიცავს ეს სამუშაო.“

„ფეხბურთის მენეჯმენტი შევისწავლე და თავიდანვე ვიგრძენი, რომ ოფიციალური პირის როლი ძალიან შემეფერებოდა. პრეზიდენტად 10 წლის მუშაობის შემდეგ, ბედნიერი ვარ, რომ ფედერაციაში ჩემს გუნდთან ერთად ამდენ მიზანს მივაღწიეთ.“

რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ყოფილი მოთამაშეები ასეთ წამყვან პოზიციებზე გადადიან, რაც თამაშის მომავლის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს?

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ფედერაციას და ქვეყანას აქვს საკუთარი მიზნები და იდეები, მაგრამ მჯერა, რომ უმნიშვნელოვანესია, ყოფილი მოთამაშეები მნიშვნელოვან როლებში იყვნენ.“

„ჩემი, როგორც ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშის გამოცდილებიდან გამომდინარე, რიდესაც იცი, როგორი სიტუაცია იყო შენს დროს, რა იყო კარგი, რა ცუდი და გესმის, როგორ ფიქრობენ ფეხბურთელები, რაც ყოველთვის ადვილი არ არის.“

„ახლა უეფას ეროვნული ნაკრებების შეჯიბრებებსა და საფეხბურთო კომიტეტებში ვმუშაობ, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ თამაშის მომავლისთვის და შესანიშნავია, რომ ამ დისკუსიებში ყოფილი მოთამაშეები ჩემს გვერდით არიან.“

„ლიდერის პოზიციებზე ყველა ყოფილი მოთამაშე არ უნდა იყოს, მაგრამ როდესაც ასეთი გამოცდილება გაქვს, ეს ნამდვილად გვეხმარება იდეების შექმნაში, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ.“

„დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანებთან ერთად ერთ ოთახში ჯდომას და ფეხბურთზე საუბარს, ეს ძალიან სასიამოვნოა და ძალიან მიხარია, რომ ევროპული ფეხბურთის კიდევ უფრო გაძლიერებაში წვლილი შევიტანე.“

ბოლო 10 წლის განმავლობაში, თქვენი სფფ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ყველაზე მეტად რომელი მიღწევებით ამაყობთ?

„როდესაც უკან ვიხედებით, ვხედავ, რომ ჩვენთვის ძალიან რთული, კლდოვანი გზა იყო. პირველი ორი ან სამი წელი უკიდურესად რთული იყო.“

„ჯერ ინფრასტრუქტურის განვითარებით დავიწყეთ, რაც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იყო - მეტი სტადიონი, მეტი სავარჯიშო მოედანი, რაც ავტომატურად ნიშნავს მეტ საბაზისო და ახალგაზრდულ ფეხბურთს. წლიდან წლამდე ვვითარდებოდით და ეს რთული, მაგრამ საინტერესო გზა იყო!“

„თუ ყველაზე განსაკუთრებულ მომენტზე მკითხავთ, ეს იყო საბერძნეთთან პლეი-ოფის მატჩი, როდესაც საბოლოოდ მოვიპოვეთ ევრო 2024-ის საგზური. ამას არასდროს დავივიწყებ და არა მგონია, რომელიმე ქართველმა დაივიწყოს ეს დღე. ახლაც კი, როცა ვფიქრობ იმ ემოციურ მატჩზე და მის შემდეგ თბილისში მომხდარზე, ჟრუანტელი მივლის. ეს სურათები არასდროს გამივლის. მართლაც განსაკუთრებული დღე იყო.“

„და როგორც ადრე ვთქვი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის ვმონაწილეობდით დიდ ტურნირში - ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს საოცარი მიღწევაა და ამით ძალიან ვამაყობთ. მაგრამ ახლა მთავარია ხვალინდელი დღე და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს გრძნობები ხელახლა განვიცადოთ.“

რამდენად მნიშვნელოვანი იყო UEFA-ს HatTrick-ის დაფინანსება ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის?

„HatTrick-ის გარეშე ვერ მივაღწევდით იმას, რასაც მივაღწიეთ - ამან მოგვცა შესაძლებლობა, ამდენი რამ აგვეშენებინა. ბოლო დროს ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, გოგონათა და ქალთა ფეხბურთისთვის განხორციელებული ყველა ინფრასტრუქტურა HatTrick-ის დამსახურებაა.“

„დღეს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ვმოგზაურობ, ვხედავ საფეხბურთო მოედნებს, რომლებიც HatTrick-ის გარეშე არ იარსებებდა.“

„თუმცა საქმე მხოლოდ ინფრასტრუქტურას არ ეხება - არსებობს მწვრთნელთა განათლებისა და ფეხბურთის მენეჯმენტის პროგრამებიც. მხოლოდ მოედნების ქონა საკმარისი არ არის - სხვადასხვა როლისთვის საჭიროა კარგად მომზადებული მწვრთნელები და კვალიფიციური მსაჯები. ეს ყველაფერი HatTrick-ის წყალობით გახდა შესაძლებელი.“

„დღეს აღწერილი მოგზაურობის ყოველ ეტაპზე HatTrick იქ იყო. გულწრფელად რომ ვთქვა, ამის გარეშე ამ წარმატებას ვერ მივაღწევდით. ძალიან მადლიერები ვართ.“

UEFA-ს „ზრდის“ პროგრამა ასევე მონაწილეობდა თქვენი 2022–2026 წლების სტრატეგიის შექმნაში. როგორ მუშაობს ფედერაცია ამჟამად ამ სტრატეგიის მიმართულებით?

„ვფიქრობ, ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სფფ-ს ოფიციალურად აქვს სტრატეგია. ეს გვეხმარება გავიგოთ, რა გველოდება წინ, რა ამოცანები გვაქვს და რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ.“

„ფეხბურთი ვითარდება, ახალი პრიორიტეტები ჩნდება და რა თქმა უნდა, უკვე ვფიქრობთ ჩვენს შემდეგ სტრატეგიაზე, რადგან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართული ფეხბურთი ახალ დონეზეა და ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.“

„ერთ-ერთი სფერო, სადაც რეალურ საჭიროებას ვხედავ, ჩვენი შიდა ჩემპიონატია, რის გასაუმჯობესებლადაც კლუბებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ჯერჯერობით, ამჟამინდელი სტრატეგია ძალიან კარგად მუშაობს.“

„ასევე მივაღწიეთ რეალურ პროგრესს ქალთა ფეხბურთისადმი მიძღვნილი სტრატეგიით. ახლა ათასობით მეტი გოგონა თამაშობს ფეხბურთს, მაშინ როცა წარსულში ისინი ხშირად ვერ ბედავდნენ თამაშს. ჩვენ ბევრ გოგონას მივეცით იმედი და დღეს ნებისმიერ გოგონას, ვისაც სურს ფეხბურთის თამაში, აქვს შესაძლებლობა.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რიტმის პოვნა უჭირდა, მაგრამ შეტევაში საუკეთესო იყო“ - ფრანგული მედიის შეფასება
„რიტმის პოვნა უჭირდა, მაგრამ შეტევაში საუკეთესო იყო“ - ფრანგული მედიის შეფასება