„რიტმის პოვნა უჭირდა, მაგრამ შეტევაში საუკეთესო იყო“ - ფრანგული მედიის შეფასება
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა. ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა.
„ატლეტიკის“ წინააღმდეგ ხვიჩას სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 58 შეხება, 1 კარისკენ დარტყმა, 40-დან 32 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 4-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, ბურთის 4-ჯერ დაბრუნება, 12-დან 7 მოგებული პოზიციური დუელი, 4-დან 1 მოგებული საჰაერო დუელი. Sofascore-ს შეფასება - 6.8.
ხვიჩას მომენტები:
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კვარაცხელიას თამაში გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემებმაც შეაფასეს:
რას წერენ მედიაში:
Footmercato – 5 ქულა: საერთო ჯამში, ცუდი პირველი ტაიმი ჰქონდა. ქართველს ხშირად უჭირდა რიტმის პოვნა, არასწორ პასებს აკეთებდა და რამდენიმე სიტუაციაში გუნდი დაუცველი დატოვა. ბარკოლაზე უფრო მონდომებული და აქტიური ჩანდა, შესვენების შემდეგ კი უფრო წარმატებული დრიბლინგები ჰქონდა. ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან შემტევ მოთამაშეებს შორის, რომელიც სხვაობას ქმნიდა, იმის მიუხედავად, რომ გუნდს ზუსტი მოქმედებები არ ჰქონია.
Eurosport – 5 ქულა: ის რეალურ განსხვავებებს ქმნიდა, ხშირად სოლოგარბენებით, თუმცა ეს მოქმედებები ყოველთვის არ ყოფილა თანაგუნდელებთან კარგად დაკავშირებული, რაც 76-ე წუთზე დეზირე დუესთან გაუგებრობითაც გამოჩნდა. ის არესოს აქტიურ ზეწოლას ებრძოდა, რომელიც პირველი ნახევარი საათის განმავლობაში მას მჭიდროდ აკონტროლებდა. ბურთის კონტროლი ყოველთვის ძალიან სუფთა იყო და თამაშის სცენარის შეცვლა თავისთვის დამახასიათებელი დაბალი, კუთხური დარტყმით შეეძლო, მაგრამ ბურთი კარს ასცდა.
L’Equipe – 5 ქულა: შანსები მარცხნივ და შემდეგ მარჯვნივ საკუთარ ძალაზე დაყრდნობით შექმნა, რაც პსჟ-ს ამ ფორმაციისთვის ნამდვილი ღირსებაა. პსჟ-ს დომინირების პერიოდებში შეტევებს პირველივე შეხებით იწყებდა. 57-ე წუთზე ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი კარს მცირედით ააცილა. ხანდახან, თავისივე მომენტებს უფრო ართულებდა (შესაძლოა, ლამაზი მოძრაობის გამო?).
Le Parisien – 4 ქულა: დიახ, ქართველი ბევრს დარბოდა და შრომობდა, მაგრამ შეტევაში მისი გავლენა ძალიან შეზღუდული იყო. თამაშის დასაწყისში ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც პასიური ჩანდა, მოგვიანებით კი უფრო გააქტიურდა, მაგრამ თავისი შესაძლებლობების სრულად გამოყენება ვერ შეძლო. ერთადერთი დარტყმა 57-ე წუთზე ჰქონდა და ბურთი კარს ააცილა.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა (5 ჩემპიონთა ლიგაზე), 5 გოლი გაიტანა (3 ლიგა 1-ში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე) და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა (3 ლიგა 1-ში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე).
„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ფაზაში 6 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 2026 წლის 20 იანვარს, სტუმრად გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის „სპორტინგთან“ გამართავს.