„გარწმუნებთ, ნეიმარი შეიცვალა და თავს სათანადოდ უვლის“ - ტიაგო სილვა
„ფლუმინენსეს“ მცველმა, ტიაგო სილვამ ყოფილ თანაგუნდელზე, ნეიმარზე ისაუბრა, რომელიც „სანტოსის“ დატოვების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება.
რა თქვა სილვამ:
„მას აქვს ყველაფერი: ბაროკამერა, ყინულის აბაზანა, პირადი მზარეული, ფიზიოთერაპევტი, ფიზმომზადების მწვრთნელი. ადამიანები ნეიმარს უსამართლოდ აკრიტიკებენ. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის სათანადოდ ემზადება და სურს, მსოფლიო ჩემპიონატზე თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს. არ დაგავიწყდეთ, რომ ის მძიმე ტრავმის შემდეგ ბრუნდება. ჯვარედინი იოგების გაწყვეტას ყოველთვის მოჰყვება პრობლემები - ნახეთ, რა ხდება როდრის თავს.
პრობლემა ისაა, რომ „სანტოსს“ გავარდნა ემუქრებოდა და მათ ნეიმარი სჭირდებოდათ, თუნდაც ის საუკეთესო ფორმაში არაა. ნეიმარს ვუთხარი, რომ ის უკვე ახალგაზრდა ბიჭი აღარაა, თუმცა ის ახლა ყველაფერს სწორად აკეთებს. ადრე, როდესაც ის დაუოჯახებელი იყო, თავისუფალ დროს განსხვავებულად ატარებდა. ახლა ის თითქმის არ გადის სახლიდან, თუმცა ადამიანები ძველ სკანდალებს განიხილავენ“.
ცნობისთვის, ნეიმარმა „სანტოსი“ გავარდნას გადაარჩინა - ბოლო 3 ტურში ბრაზილიელმა 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. სად გააგრძელებს კარიერას 33 წლის ფეხბურთელი, ჯერჯერობით უცნობია.