პაპუნაშვილის ეფექტური გოლი - ზირა შამახთან დამარცხდა
გიორგი პაპუნაშვილმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მეორე გოლი გაიტანა. პრემიერ ლიგის XV ტურში „ზირა“ სტუმრად „შამახს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. დაფიქსირებული შედეგი მოულოდნელობა გახლდათ, რადგან „ზირა“ ჩემპიონობისთვის იბრძვის და გამარჯვების შემთხვევაში ჰქონდა შანსი ლიდერ „ყარაბახს“ დროებით ქულებით გათანაბრებოდა, თუმცა ყოველივე ეს ვერ მოახერხა.
ანგარიში მერვე წუთზე სტუმართა 30 წლის ქართველმა ლეგიონერმა გახსნა - ერთ-ერთი კუთხურის მოგერიების დროს, „შამახის“ ფეხბურთელები ბურთის ამოტანას ცდილობდნენ, რა დროსაც პაპუნაშვილმა ართმევაზე კარგად ითამაშა და საჯარიმოს მისადგომებიდან ულამაზესი დარტყმით „ზირა“ დააწინაურა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა ორი ბურთი გაიტანეს და გაიმარჯვეს. პაპუნაშვილმა სრულად ითამაშა, დავით ვოლკოვი კი განაცხადში არ ყოფილა.
ცნობისათვის, თხუთმეტ ტურში დაგროვებული 27 ქულით „ზირა“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ „ყარაბაღს“, რომელსაც ორი მატჩით ნაკლები აქვს გამართული, 3 ქულით ჩამორჩება. გიორგი პაპუნაშვილის ანგარიშზე კი წელს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 შეხვედრაში 2 გოლია.