მუჰამედ ალი და ილია თოფურია | ელ მატადორი Marca Leyenda-ს ჯილდოს მიიღებს
13 დეკემბერს, WOW 25-ის ღონისძიების მიმდინარეობისას, ილია თოფურია განსაკუთრებულ ჯილდოს მიიღებს. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, Marca „ელ მატადორს“ Marca Leyenda-ს სახელობის პრიზს გადასცემს, რომლითაც სხვადასხვა სპორტის გამორჩეულ პროფესიონალებს აჯილდოებს.
Marca Leyenda 1997 წელს დაარსდა და მისი მოგების პატივი 80-ზე მეტ ადამიანს ხვდა წილად. წარსულში მისი გამარჯვებულები მაიკლ ჯორდანი, პელე, გარი კასპაროვი, კარლოს საინსი, რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, იოჰან კრუიფი, დიეგო მარადონა, ნიკი ლაუდა, მიხაელ შუმახერი, ანდრეა აგასი, პაუ გასოლი, როჯერ ფედერერი, ზინედინ ზიდანი, მაიკლ ფელფსი, კრიშტიანუ რონალდუ, უსეინ ბოლტი, კაკა, პაოლო მალდინი, მუჰამედ ალი, კარიმ აბდულ-ჯაბარი, ანდრეს ინიესტა, რონალდო, ლიონელ მესი, ლუკა მოდრიჩი და სხვები გამხდარან.

თოფურია MMA-ის პირველი მებრძოლია, ვისაც ეს პრესტიჟული ჯილდო გადაეცემა. ზოგადად, სპორტის საბრძოლო სახეობებში, მამაკაცებს შორის, ილია მეორეა, ვინც Marca-მ გამოარჩია. ერთადერთი, ვისაც აქამდე Marca Leyenda მიუღია, მუჰამედ ალი გახლავთ - 2010 წელი. ქალთა შორის, იგივე პატივი წილად სანდრა სანჩესს ხვდა (კარატისტი).
შეგახსენებთ, რომ თოფურია UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და ტიტული ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით დაისაკუთრა. „ელ მატადორი“ საჩემპიონო ქამარს ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ბრძოლის გამარჯვებულთან დაიცავს.