სნუპ დოგი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, აშშ-ის ნაკრების საპატიო მწვრთნელად დაინიშნა
ცნობილი ამერიკელი რეპერი და მსახიობი, სნუპ დოგი, 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ის ნაკრების საპატიო მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.
„თავის ახალ როლში მწვრთნელი სნუპი შეუერთდება „გუნდს გუნდისთვის“ - შტაბს, მწვრთნელებს, სამედიცინო სპეციალისტებს, ადმინისტრატორებსა და პარტნიორებს, რომლებიც ეხმარებიან სპორტსმენებს ოცნებების ასრულებასა და ერის შთაგონებაში. საზოგადოებაში მუშაობის, მენტორობისა და ახალგაზრდების მხარდაჭერისადმი ცნობილი გატაცების წყალობით, სნუპი მოიტანს თავის საფირმო იუმორსა და გულწრფელობას, რათა მოტივაცია მისცეს ამერიკელ სპორტსმენებს “, – ნათქვამია აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურის განცხადებაში.
აშშ-ის ოლიმპიურ ნაკრებში ახალი როლის გარდა, სნუპ დოგი იმუშავებს ამერიკულ ტელეარხ NBC-ზე და სტრიმინგ სერვის Peacock-ზე 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების განმავლობაში.
54 წლის რეპერი აქტიურად მონაწილეობდა სატელევიზიო მუშაობაში 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს და შეჯიბრებების ერთ-ერთი ვარსკვლავი გახდა. ის მონაწილეობდა ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში, გახსნა ბრეიკ-დანსის შეჯიბრება, რეგულარულად ჩნდებოდა სხვადასხვა სპორტის სახეობების შეჯიბრებებზე, ასევე გამოვიდა დახურვის ცერემონიაზე.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშები მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში 2026 წლის 6-დან 22 თებერვლამდე გაიმართება.