„ზოგჯერ გოლები კი არა, ადამიანურობა არის საჭირო“ | როგორ დაეხმარა მესი ბეილს
გარეტ ბეილმა საკუთარ კარიერაზე ისაუბრა და საინტერესო ისტორია გაგვიზიარა, რომელიც ლიონელ მესის უკავშირდება. უელსელმა კარიერა 34 წლის ასაკში დაასრულა, მაგრამ, მისი თქმით, რომ არა მესი, დიდი ფეხბურთიდან გაცილებით ადრე წავიდოდა.
„ჩემს კარიერაში იყო მომენტი, რომელმაც კონკურენციისადმი ჩემი დამოკიდებულება სამუდამოდ შეცვალა. კუნთის ქრონიკული ტრავმა მქონდა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა, და ერთ დღეს რეალის ფიზმომზადების მწვრთნელისგან მოულოდნელი შეტყობინება მივიღე. მან მითხრა: „ლეო მესი შენს მდგომარეობას კითხულობს და დახმარება უნდა.“
რა მოხდა შემდეგ? მესის პირადმა ექიმმა დამირეკა. მან მკურნალობის პროტოკოლი შემომთავაზა და გამიზიარა სარეაბილიტაციო ვარჯიშები, რომლებსაც ლეო ჯერ კიდევ 2013 წელს იყენებდა. აგრეთვე, მირჩია ბარსელონაში მდებარე კლინიკა, რომელიც მაღალი დონის ფეხბურთელებს მკურნალობდა და უდიდესი მოთხოვნა იყო.
ამ მომენტმა მასწავლა, რომ პროფესიონალიზმი გუნდისა და ფერების საზღვრებს სცდება. სიდიადე იზომება იმით, რას სთავაზობ სხვებს—თუნდაც შენს მეტოქეებს. მესი ჯერ ადამიანია და შემდეგ — ლეგენდა. მაშინ, როცა ვიღაცები რეალისა და ბარსელონას დაპირისპირებას ნამდვილ ომად აღიქვამენ, მესიმ შეგვახსენა, რომ ფეხბურთი ლამაზი თამაშია. ზოგჯერ გოლები კი არა, ადამიანურობა არის საჭირო.“
შეგახსენებთ, რომ ბეილი „ბარსელონას“ მოსისხლე მტრის, „რეალის“ რიგებში 2013–2022 წლებში თამაშობდა და „ბლაუგრანას“ წინააღმდეგ მრავალჯერ დაუპირისპირდა. ბეილი „რეალში“ „ტოტენჰემიდან“ გადავიდა, კარიერა კი MLS-ში დაასრულა.