“თავისი თამაშით კვარა გაგვახსენა“ - იტალიელი ჟურნალისტი კვერნაძეზე
გიორგი კვერნაძემ წლევანდელ სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, საგოლე აქტივი ულამაზესი სოლო-რეიდის შედეგად დაგვირგვინებული დარტყმით გახსნა, მოგვიანებით დუბლიც შეასრულა და „ფროზინონეს“ „იუვე სტაბიასთან“ 3:0 გამარჯვებაში დაეხმარა, რითაც მისი გუნდი სერია B-ს სატურნირო ცხრილში გალიდერდა და კონკურენტ „მონცას“ ბურთების უკეთესი შეფარდებით გაუსწრო.
მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რივარამ, რომელიც ჯანლუკა დი მარციოს გამოცემაში მუშაობს, კვერნაძის შესახებ ვრცელი სტატია დაწერა.
რივარა:
„გიორგი კვერნაძისთვის დიდებული დღე იყო. ბოლო პერიოდში კარგ ფორმაშია და ბოლო მატჩში თავი გამოიჩინა. სერია ბ-ში 15 მარტის შემდეგ გოლი არ ჰქონდა გატანილი. იუვე სტაბიასთან მატჩში ანგარიში სწორედ ქართველმა გახსნა. ინდივიდუალური ოსტატობის წარმოუდგენელი დემონსტრირება. ამ გოლით კვერნაძემ თავისი თანამემამულე ხვიჩა კვარაცხელია შეგვახსენა.
ბოლო პერიოდში თავისი კარგი თამაშით ალბინის გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა. მას მხოლოდ ერთი რამ აკლდა - გატანილი გოლების სიხარული. ეს კი შემტევისთვის უმნიშვნელო სულაც არ არის.
იუვე სატაბიასთან კი ის სრულიად შეუჩერებელი ჩანდა და საბოლოო ჯამში დუბლი გაიფორმა. მისი მეორე გოლი ნამდვილი ცენტრ-ფორვარდის სტილის იყო! ასეთი თამაშით კვერნაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მას გუნდისთვის.“
როგორც უკვე მოგახსენეთ, „ფროზინონეს“ 15 ტურში 31 ქულა აქვს დაგროვებული და „მონცასთან“ ერთად სატურნირო ცხრილის თანალიდერია. რაც შეეხება კვერნაძეს, მას აქამდე ერთი გოლი თასზე ჰქონდა გატანილი, სერია B-ში კი საგოლე აქტივი, თანაც ორი ბურთით სწორედ ამ მატჩში გახსნა.