ყაზაიშვილი: “მინდა დავამტკიცო, რომ ბევრის გატანა შემიძლია“
როგორც მოგეხსენებათ, ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის ლიგის 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ქართველი ფეხბურთელი სამომავლო გეგმებზე საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაცემა „ტაიმ აუტში“ ესაუბრა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ყაზაიშვილი:
„ჩინეთში პირველი სეზონი ადაპტაციის პერიოდი იყო. მეორე სეზონში კი 27 გოლი გავიტანე, რაც ძალიან სასიხარულოა – მსგავსი შედეგიანი სეზონი კარიერაში არასდროს მქონია. ეს შემთხვევითობა არ ყოფილა და მინდა, დავამტკიცო, რომ ბევრის გატანა შემიძლია.
გამიხარდა, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ რომ დამასახელეს. თუმცა, მეგონა, ჯილდოს აბრეუ მიიღებდა, რომელიც ბომბარდირი გახდა. აღიარების შემდეგ მან მომწერა და მომილოცა, რაც ძალიან მესიამოვნა. ბუნებრივია, ბომბარდირობა მეც მივულოცე. საინტერესო დამთხვევაა ისიც, რომ ორივე ერთ წელს და ერთ დღეს ვართ დაბადებულები.
კარგი სეზონი მქონდა და ვეცდები, შედეგი გავიმეორო. აქ ყველა მიცნობს – მწვრთნელები, გულშემატკივრები, მათ ძალიან ვუყვარვარ და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩინეთში ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს და აზიასაც შევეჩვიე. ამჟამად კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, დავრჩები.“
შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილს ჩინეთის სუპერ ლიგის ბომბარდირობამდე მხოლოდ ერთი გოლი დააკლდა. მას ბოლო ტურში აბრუემ აჯობა, რომელმაც პოკერი შეასრულა.