ბედნიერი ნეიმარი | სანტოსი გავარდნას გადაურჩა და კოპა სუდამერიკანაზეც გავიდა
ნეიმარის „სანტოსმა“ ბრაზილიის უმაღლეს დივიზიონში, სერია A-ში ადგილი შეინარჩუნა. ჩემპიონატის ბოლო ტურში „შავ-თეთრები“ საკუთარ კედლებში „კრუზეიროს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე 3:0 დაამარცხეს.
„სანტოსმა“ ტურნირი 47 ქულით დაასრულა, რაც არა მხოლოდ სერია A-ში დასარჩენად, არამედ კოპა სუდამერიკანაზე გასასვლელადაც აღმოჩნდა საკმარისი. „ნეის“ გუნდის წარმატება ძალიან გაუხარდა — მატჩის შემდეგ ის სტადიონზე დარბოდა და მიღწევას ქომაგებთან ერთად აღნიშნავდა.
ნეიმარს ბოლო ოთხ მატჩში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს. ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმის ფონზე, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი მუხლის ტრავმით თამაშობდა. „კრუზეიროსთან“ შეხვედრამდე იყო სახალისო მომენტიც, რომელიც „ნეის“ დაზიანებას უკავშირდება: როდესაც ფეხბურთელები ხურდებოდნენ, ერთ-ერთმა ქომაგმა მას ასე მიმართა: „ნეიმარ, შემიძლია ჩემი მუხლი მოგცე.“ — „ერთი არ მეყოფა, ორივე მჭირდება,“ — უპასუხა ბრაზილიელმა.
„კრუზეიროსთან“ გამარჯვების შემდეგ ნეიმარმა კომენტარიც გააკეთა: „დავრჩები თუ არა „სანტოსში“? არ ვიცი. მართლა არ ვიცი. ახლა მინდა, რომ მინიმუმ ერთი კვირა დავისვენო, სამოგზაუროდ წავიდე და ცოტა ხნით ფეხბურთი დავივიწყო. მომავალზე ამის შემდეგ ვიფიქრებ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი გული სამუდამოდ „სანტოსს“ ეკუთვნის.“