სტივ კერი: "ზაზა ყოველ ვარჯიშზე 100 პროცენტით იხარჯება"
„მინესოტათან“ დაპირისპირებაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ, ქართველმა ცენტრმა კარიერაში 113-ე ორმაგი დუბლი გაიფორმა და მატჩი 16 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. ფაჩულიას წარმატებულ თამაშს სტატია მიუძღვნა Mercurynews.com:
„მეომრები“ მინეაპოლისში შაბათ საღამოს ჩაფრინდნენ. ჩასვლისთანავე გუნდის უმრავლესობა სავახშმოდ გაეშურა, თუმცა ზაზა ფაჩულიამ თანაგუნდელებთან ერთად ყოფნის ნაცვლად საკუთარ თავზე სამუშაოდ და ფორმის შესანარჩუნებლად სავარჯიშო დარბაზისკენ აიღო გეზი: „ძალიან რთულია, როდესაც არ იცი ითამაშებ თუ არა. მაგრამ ჩვენს სპორტში ფორმის შენარჩუნება და სტაბილურობა წარმატების მთავარი გარანტია".

ზაზამ „მინესოტასთან“ მატჩში წლევანდელ სეზონში პირველი ორმაგი დუბლი გაიფორმა და დაცვითი ფუნქციების შესრულებისას ტრადიციული სტაბილურობით გამოირჩა.
ქართველი ცენტრის თამაშზე კომენტარი გააკეთა სტივ კერმა: „ვიცი, რომ ზაზას რთული პერიოდი აქვს, მას არ სურს სათადარიგო სკამზე ყოფნა და ყოველ ვარჯიშზე 100 პროცენტით იხარჯება. სწორედ ამიტომ, სულაც არ გამკვირვებია მისი წარმატებული თამაში „მინესოტასთან“. დარწმუნებული ვარ იგი მომავალშიც განაგრძობს საკუთარ თავზე მუშაობას და წარმატებულ ასპარეზობას".

ფაჩულიას პრობლემები 2 კვირის წინ დაიწყო, როდესაც სასტარტო ხუთეულში ქართველი ცენტრის ნაცვლად ჯაველ მაკგი გამოჩნდა. მიუხედავად ამისა ზაზამ პრობლემებზე მუშაობა განაგრძო და თავისი პროფესიონალიზმი „ტიმბერვულვზთან“ შეხვედრაში დაამტკიცა. ქართველი ცენტრი აბსოლუტურად სხვა საკალათბურთო მენტალიტეტით გამოვიდა მოედანზე და „გოლდენ სტეიტის“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
პირველი მეოთხედის დასრულებამდე 3:47 წუთით ადრე „მეომრები“ 9 ქულით ჩამორჩებოდნენ „მინესოტას“ და განსაკუთრებით დაცვაში უჭირდათ. ფაჩულიას მოედანზე გამოსვლამ „მეომრების“ თავდაცვითი პოტენციალი ერთიორად აამაღლა და დიდი როლი ითამაშა „ტიმბერვულვზის“ მაღლების შეჩერებაში. კევინ დურანტმა ქართველ ცენტრი შეაქო და „სათადარიგო სკამიდან უდიდესი ნაპერწკალი“ უწოდა.

მატჩის შემდეგ ფაჩულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ძალიან რთულია სათადარიგო სკამზე ყოფნა, თუმცა მე პატივს ვცემ კერის გადაწყვეტილებას და როგორც ნამდვილი პროფესიონალი საკუთარ შანსს ველოდები. არსებობს საკითხები, რომლებსაც ვერ გააკონტროლებ. მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის ხალხი. ყველაფერი შენს ხელთაა, თავად უნდა გაუმკლავდე ყველანაირ გამოწვევას და მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როგორც პარკეტზე ასევე მის გარეთ".