კაშიას აღიარება | ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში გურამ კაშიას „სლოვანი“ „მიხალოვცეს“ დაუპირისპირდა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და ევროპა ლიგის შემდეგ, თავი საშინაო ასპარეზზე გამოიჩინა.
კაშია სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ვეტერანმა მცველმა 68-ე წუთზე, როდესაც „სლოვანი“ 0:1 მარცხდებოდა, თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. გურამმა Sofascore-ისგან 7.9 ქულა დაიმსახურა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
კაშიას გარდა, ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს ტოპ 11-ში „სლოვანის“ კიდევ ორ ფეხბურთელს ვხედავთ. Sofascore-მა მარკო ტოლიჩი და ვლადიმირ ვაის უმცროსი გამოარჩია. რაც შეეხება გურამს, გატანილი გოლის გარდა, მას 2 ჩაჭრა და 6 მოგებული დუელი ჰქონდა. კაშიამ სახიფათო მდგომარეობა 5-ჯერ განმუხტა და ბურთი 10-ჯერ დაიბრუნა.
ცნობისთვის, „სლოვანს“ 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებს. კაშიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 დეკემბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „რუზემბეროკს“ დაუპირისპირდება.