მძიმე მარცხი ესპანეთში - შერმადინი ნაკრებს 202 მატჩით დაემშვიდობა
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 29 ქულის სხვაობით, 90:61 დამარცხდა.
თუ არ ჩავთვლით პირველ მეოთხედს, საერთო ჯამში საქართველოს ნაკრები საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა და მეტოქეს პრაქტიკულად ვერაფერი დაუპირისპირა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა პირველი მეოთხედი 22:19 მოიგო, თუმცა ეს იყო ერთადერთი პოზიტივი, რაც დღევანდელ მატჩში ვიხილეთ.
მეორე მეოთხედში ჩვენი გუნდი 28:11 დამარცხდა, მესამე მეოთხედი 23:13 დათმო, დასკვნითი მეოთხედი კი 20:15. საგულისხმოა, რომ მეოთხე მეოთხედში ჯიკიჩმა თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი არ ათამაშა. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო დუდა სანაძემ, რომელიც პარკეტზე მეორე ნახევარში საერთოდ არ გამოჩენილა.
შეხვედრის მიმოხილვა:
საქართველოს ნაკრებიდან მარგი ქმედების კოეფიციენტით (13) საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 24:55 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა 17 წლის მათე ხატიაშვილს, რომელმაც 21:07 წუთში 10 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 10 ქულა ჰქონდა თორნიკე შენგელიასაც, რომელმაც ამას 7 მოხსნა და 1 ასისტიც დაუმატა. 5 ქულა თად მაკფადენს, 2 ალექსანდრე ფევაძეს, 2 სანდრო სანაძეს, 6 გიორგი კორსანტიას, 4 გიორგი ტურძილაძეს, 7 დუდა სანაძეს, 3 ბექა ბურჯანაძეს, 4 რატი ანდრონიკაშვილს. ერთადერთი კალათბურთელი, რომელმაც ქულის აღება ვერ შეძლო, კახა ჯინჭარაძე იყო.
დღევადნელი მატჩი, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო იყო გიორგი შერმადინისთვის. ვეტერანმა კალათბურთელმა დღეს ეროვნული გუნდის მაისურით 202-ე მატჩი ჩაატარა და ამით, სანაკრებო კარიერა დაასრულა.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ორ მატჩს 2026 წლის თებერვალსა და მარტში ჩაატარებს, ორივე შეხვედრას დანიის ნაკრებთან. 27 თებერვალს სტუმრად და 2 მარტს საკუთარ კედლებში. ამ დროისთვის, ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდს ორიდან ორი მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება.