ზაზას საუკეთესო მატჩი და მარცხი მინეაპოლისში
სერიოზული პრობლემები აქვს საკალათბურთო ასოციაციის მოქმედ ჩემპიონს. "გოლდენ სტეიტმა" სტეფ კარის გარეშე ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. „მეომრები“ ამჯერად სტუმრად საპლეიოფო საგზურისთვის მებრძოლ „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ დამარცხდნენ.
ოკლენდელთა რიგებში სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც კარიერაში 113-ე ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 25 წუთი დაჰყო და 16 ქულას, 11 მოხსნას, 3 გადაცემას, 1 ჩაჭრას და 2 ბლოკს მოუყარა თავი. ზაზამ 9-დან 7 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო მოათავსა კალათში. აღსანიშნავია, რომ სტივ კერი მატჩის ბოლოსკენ დაბალ ხუთეულზე გადაერთო, ზაზას სათადარიგო სკამზე გადაყვანამ კი ხელ-ფეხი გაუხსნა კარლ ენტონი თაუნსს, რომელიც განსაკუთრებით მეტოქის ფარზე გააქტიურდა და დიდი წვლილი შეიტანა "მინესოტას" 6 ქულიან გამარჯვებაში.
„მეომრებს“ კარის არყოფნაში კევინ დურანტმა ულიდერა 39 ქულით, 21 ქულა შესძინა გუნდს კლეი ტომპსონმა,
„მინესოტას“ მხრიდან ტრადიციულად კარლ ენტონი თაუნსი გამოირჩა ორმაგი დუბლით - 31 ქულა, 16 მოხსნა. ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა ჯეფ ტიგმა - 10 ქულა, 10 გადაცემა. „ტიმბერვულვზის“ რიგებში გამართულ პირველი შეხვედრაში 2 ქულასა და 2 გადაცემას მოუარა თავი დერიკ როუზმა.
39 მოგებითა და 29 მარცხით „მინესოტა“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება, რაც შეეხება „გოლდენ სტეიტს’, „მეომრები“ 51 მოგებითა და 16 მარცხით ამავე კონფერენციის მეორე ადგილს იკავებენ და ლიდერ "ჰიუსტონს" ორი წაგებით ჩამორჩებიან.