ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

„კიტე ჯადოქარია, თუმცა მისი გუნდი...“ - ავსტრიული მედიის გამოხმაურება

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმის” შემადგენლობაში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ქართველმა ათიანმა ევროპა ლიგაზე „პანათინაიკოსს” ულამაზესი გოლი გაუტანა, თუმცა ავსტრიელები 1:2 დამარცხდნენ.

ავსტრიულმა პრესამ „შტურმის” რიგებში დადებითად მხოლოდ კიტეიშვილზე ისაუბრა. სხვა მხრივ გუნდის მიმართ დიდი კრიტიკაა.

Derstandard:

„ეს იყო გამანადგურებელი დარტყმა სტუმრებისთვის, რომლებსაც კოორდინაციის პრობლემები ჰქონდათ, ძალიან ადვილად კარგავდნენ ბურთს და კვლავ ვერ შეინარჩუნეს სიმჭიდროვე. თუმცა, კიდევ ერთხელ, სწორედ კიტეიშვილმა დააბრუნა თავისი გუნდი თამაშში განმაცვიფრებელი გოლით. ქართველის დარტყმა 25 მეტრზე მეტი მანძილიდან კარის ცხრიანში მოთავსდა.

თავისი ჩვეული მანერით, კიტეიშვილმა გოლი თავშეკავებით აღნიშნა. კაპიტანს, რომელმაც წინა თამაშზე მოედანი სრულად იმედგაცრუებულმა დატოვა, სახიდან სავალდებულო ღიმილიც კი გაუქრა”.

Kronen Zeitung:

„კიტეიშვილის საოცარი გოლით ყველა აღფრთოვანებულია, მაგრამ სხვებზე, გუნდის თამაშზე კარგის თქმა სხვა არაფერზე შეგვიძლია.”.

LAOLA1:

„კიტეიშვილმა თავისი კლასი კვლავ გვიჩვენა. ჯადოქარია და სასწაული კიდევ ერთხელ მოახდინა. ის გუნდის შეტევების მთავარი სულისჩამდგმელია, ყველა იერიში მასზე გადის”.

კიტეიშვილის გოლზე კომენტარი გააკეთა გრაცელთა მცველმა არიან მალიჩმა, რომელმაც გუნდის თამაში გააკრიტიკა და ქართველი ათიანი შეაქო.

„კიტემ დიდებული გოლი გაიტანა. როცა მოედანზე პრობლემები გვაქვს, ის ყოველთვის სწორ დროს ჩნდება. კიტეიშვილი მსოფლიო დონის მოთამაშეა, მაგრამ გუნდში გატანას სხვა მოთამაშეებიც უნდა ახერხებდნენ. ქულების დაგროვება გვჭირდება”.

29 წლის კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონი მაღალ დონეზე დაიწყო. ტრავმის მიუხედავად, მან ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გრაცელები ევროპა ლიგის ფაზაში 4 ქულით 28-ე ადგილზე იმყოფებიან და მე-6 ტურში საკუთარ მოედანზე „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები