რა შეიცვალა რეიტინგში | ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები და ქართველები
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეხუთე ტური დასრულდა და Goal-მა და Opta-მ თავიანთი რეიტინგები განაახლეს. Goal-ის ვერსიით ტურნირის მთავარი ფავორიტი „არსენალია“, რომელმაც „ბაიერნი“ 3:1 დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ტოტენჰემს“ 5:3 მოუგო და მეორე პოზიციაზე იმყოფება. გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ათეულშიც აღარ არის. „წითლებმა“ პსვ-სთან სრული ფიასკო განიცადეს და 1:4 წაგების შემდეგ Goal-ის რეიტინგში მე-11 ადგილზე არიან.
გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ „ბრიუგე“ 3:0 დაამარცხა და მე-15 პოზიციაზეა. რეგრესი აქვს გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“, რომელიც „დორტმუნდთან“ 0:4 განადგურდა და 32-ე ადგილზე გადაინაცვლა. გიორგი ზარიას „ქაირათი“ 35-ე გახლავთ.
Opta-ს მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი „არსენალია“ – 24.36%. მეორე პოზიციაზე „ბაიერნი“ იმყოფება – 15.78%, ხოლო „პარი სენ-ჟერმენი“ მესამეა – 12.67%. „ლივერპული“ Opta-ს რეიტინგშიც მეთერთმეტეა და ჩემპიონობის 3.25-პროცენტიანი შანსი აქვს. „სპორტინგი“ მე-13 ადგილზეა – 0.83%. მიქაუტაძის „ვილიარეალი“ 31-ეა, ხოლო „ქაირათი“ – ბოლო.
