პირველად ამ სეზონში | Kicker-მა ლოჩოშვილი სიმბოლურში შეიყვანა
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-13 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ „არმინიას“ დაუპირისპირდა. ქართველი უკანახაზელის გუნდმა 2:0 იმარჯვა და „ლოჩო“ დაცვაში ერთ-ერთ საუკეთესო იყო, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker-მა ლუკა მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. Kicker-ის ვერსიით, ქართველი მცველი ტოპ 11 ფეხბურთელს შორის პირველად მოხვდა და ერთადერთია „ნიურნბერგიდან“, რომელიც ამ ტურში გამოარჩიეს.
„არმინიას“ წინააღმდეგ ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ლუკა ბურთს 94-ჯერ შეეხო, 68-დან 59 ზუსტი გადაცემა გააკეთა, ორი ჩაჭრა ჰქონდა, 15-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო, 8 სახიფათო მდგომარეობა განმუხტა და ბურთი ხუთჯერ დაიბრუნა.

ცნობისთვის, 13 ტურის შემდეგ „ნიურნბერგს“ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეცხრე პოზიციას იკავებს. ლოჩოშვილი და კომპანია მესამე ადგილზე მყოფ „ელვერსბერგს“ 8 ქულით ჩამორჩებიან და მომდევნო შეხვედრას ბოლოადგილოსან „მაგდებურგთან“ გამართავენ.