შერმადინის 11 ქულა ყოფილ გუნდთან - ლაგუნა ტენერიფემ სარაგოსა დაამარცხა
სანაკრებო მატჩების დაწყებამდე გიორგი შერმადინმა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ლიგა ენდესას VIII ტურში „ლაგუნა ტენერიფე“ 36 წლის ქართველი ცენტრის ყოფილ გუნდს „სარაგოსას“ ესტუმრა და არაგონელები 8-ქულიანი სხვაობით, 84:76 დაამარცხა.
შერმადინმა პარკეტზე გატარებულ 19 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. მან ექვსიდან ოთხი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ერთადერთი მოხსნა თავდასხმაში შეასრულა, ბურთი ორჯერ დაკარგა და არც ერთი პერსონალური ჯარიმა არ მიუღია. ახლა გიორგი საქართველოს ეროვნულ გუნდს შეუერთდება და 27 ნოემბერს უკრაინასთან (შინ) და 30 ნოემბერს ესპანეთთან (სტუმრად) ბოლო სანაკრებო თამაშებს ჩაატარებს.
ცნობისათვის, 6 მოგებითა და 2 წაგებით „ლაგუნა ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.