ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილი: აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ გრძელდება ჩემი კარიერა

„ტორონტო რეპტორსმა“ „ვაშინგტონ ვიზარდსი“ 140:110 დაამარცხა და NBA-ში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. სანდრო მამუკელაშვილი კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისი მონაგარი 23 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა გახლდათ.

სანდრომ თავისი ბრწყინვალე თამაშის შემდეგ პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, კიდევ ბევრი რამ მელის წინ. თავს კომფორტულად ვგრძნობ, რომ ვარ საკუთარი თავი. სამწვრთნელო შტაბთან მუდმივად მაქვს საუბარი, თუ როგორ შეუძლიათ მათ ჩემი სხვადასხვა პოზიციებზე გამოყენება, მეტოქიდან გამომდინარე.

მე არ ვცდილობ სხვა სტილს მოვერგო, უბრალოდ მინდა საკუთარი შესაძლებლობები ვაჩვენო და ჩემი სტილი გიჩვენოთ. გუნდელები ამაში დიდ დახმარებას მიწევენ. მე კი აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ გრძელდება ჩემი კარიერა. ეს ძალიან მახარებს და მოტივაციას მმატებს.

ჩვენი მწვრთნელი დარკო რაიკოვიჩი ძალიან კარგი ადამიანია. ყოველ დღე ჩვენთან მოდის და ახალ სამოტივაციო ფრაზებს გვეუბნება. ის ზრუნავს, რომ მუდმივად მშივრები და მოტივირებულები ვიყოთ.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ შეხვედრას, ყველა გვეუბნებოდა, რომ ამ თამაშზე არ გვეხუმრა, უბრალოდ, ისეთი მენტალიტეტით გავსულიყავით, რომ დიდი გამარჯვება მოგვეპოვებინა და კვალიფიკაცია უზრუნველგვეყო. ვფიქრობ, გავედით და შევასრულეთ ეს. ახლა უბრალოდ მომდევნო თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ. როგორც ყველა ამბობს, საქმე დასრულებული არ არის”.

ბოლოს გეტყვით, რომ „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 11 მოგებითა და 5 მარცხით მე-2 პოზიციაზე იმყოფება. კანადელები მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს „ბრუკლინ ნეტსთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები