„მაკგრეგორს ბაძავს და უვარგისი მებრძოლია“ - გარისთვის ჩიმაევი პატარა კვერცხებიანი კაცია
კატარში გუშინ გამართული UFC-ის ღონისძიება დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლებით აღსავსე გამოდგა, რითაც შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებმა უდიდესი სიამოვნება მიიღეს. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ყველაფერი ოქტაგონში არ დასრულებულა და ხამზატ ჩიმაევსა და იან გარი მაჩადოს შორის სერიოზული სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურშიც გადაიზრდებოდა, დაცვის თანამშრომლები საქმეში დროულად რომ არ ჩარეულიყვნენ. მოგვიანებით, ინციდენტის მონაწილეებმა ისეთი კომენტარები გააკეთეს, რაც სამომავლოდ მათ შორის ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს.
იან გარი მაჩადო
რა მოხდა სინამდვილეში? არმანს მივულოცე, შემდეგ კი ხამზატს ვკითხე, როდის აპირებდა დაბრუნებას, რაზეც მიპასუხა: „არ ვიცი მეგობარო, ნებისმიერ დროს“. მე ზურგზე ხელი დავარტყი და ვუთხარი: „კარგი“. არ ვიცი რა ეწყინა, მაგრამ სიტუაცია ისე დაიძაბა, ჩვენს შორის დაცვის თანამშრომლები ჩადგნენ, ჩიმაევი კი მიყვიროდა, რომ ეშმაკის იქით წავსულიყავი.
ჩემი პასუხი იცით როგორი იყო? „ჩიმაევ, ჩემპიონის საკადრისად უნდა იქცეოდე, მაგრამ შენ პატარა ბავშვი ხარ. შენმა მეგობარმა გაიმარჯვა - იმის მაგივრად, მოდუნდე და ცარუკიანის დიდებით დატკბე, ჩხუბობ და ყვირი, ასე არ შეიძლება“.
გულწრფელად რომ გითხრათ, ეს პატარა კვერცხების მქონე კაცის საქციელია. მას სურს ყველას აჩვენოს, როგორი მკაცრია. არადა, მსოფლიოს ჩემპიონს მსგავსი ქმედებები ყველაზე ნაკლებად სჭირდება. თუ ნერვები გაფუჭებული აქვს, იმკურნალოს, რადგან შეიძლება ერთ დღესაც ჩემს ფეხებთან დაცოცავდეს.
ხამზატ ჩიმაევი
ადამიანს როდესაც პატივს სცემ, ზურგში ხელი არ უნდა ჩაარტყა. პატივისცემის გამოხატვის სულ სხვა ფორმები არსებობს. მისი მიზანი გასაგებია - ის იქ აჟიოტაჟის შესაქმნელად იყო მოსული. მაკგრეგორობა სურს, მაგრამ კონორი ვერასოდეს გახდება, რადგან უვარგისი მებრძოლია.
შეგახსენებთ, რომ იან მაჩადო გარიმ ქვესაშუალო წონით დივიზიონში ბელალ მუჰამადი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და ბრძოლის შემდეგ გაკეთებული კომენტარის დროს ისლამ მახაჩევი გამოიწვია.