„იმედია, სამშაბათს ჩემი და ილიას ჩხუბი დაანონსდება“ - არმან ცარუკიანი
კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ UFC Fight Night-ზე, ღონისძიების მთავარ ჩხუბში დენ ჰუკერის დამარცხების შემდეგ არმან ცარუკიანმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, რომელთა უმეტესობაც ილია თოფურიას ეხებოდა.
„კარგი ჩხუბი მქონდა, ბონუსიც მივიღე, ამიტომ ბედნიერი ვარ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ჩემი მიზანი სატიტულო ჩხუბია. 2025 წლისთვის საქმე შესრულებულია, მაგრამ ტიტულზე ვარ ფოკუსირებული და აქ იმის საჩვენებლად ჩამოვედი, რომ ნომერ პირველი კონტენდერი ვარ და ქამრისთვის უნდა ვიჩხუბო. ბრძოლის შემდეგ ჰუკერს ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ბიზნესია და მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ასევე ვუთხარი, რომ ის ერთადერთია, ვინც ჩემთან ჩხუბს დათანხმდა. ეს ბრძოლა რომ არ მიეღო, ახლა აქ არ ვიქნებოდი, ამიტომ მისი მადლობელი ვარ.
ჩხუბამდე არ მინდოდა ილიაზე საუბარი, მაგრამ ახლა ისევ გადავიღებ სასაცილო ვირუსულ ვიდეოებს და ამ ჩხუბისადმი ინტერესი გავზრდი. კარგ მებრძოლთან ერთად კარგი შოუმენიც უნდა იყო - შერეული ორთაბრძოლები ასეა მოწყობილი.
შემიძლია, ერთი კვირა დავისვენო, შემდეგ კი აშშ-ში გავემგზავრები. ორი თვე საკმარისია ჩხუბისთვის მოსამზადებლად. მადლობა ღმერთს, არანაირი ტრავმა არ მაქვს, და იმედია, სამშაბათს ჩემი და ილიას ჩხუბი დაანონსდება - ლას ვეგასში ან ლოს ანჯელესში. ეს შანსი უნდა გამოვიყენო და კარგად მოვემზადო.
ჩხუბის ჩანაწერი უნდა ვნახო და ჩემი სტრაიკინგი შევაფასო, მაგრამ პარტერში კარგად ვიბრძოლე და სიმშვიდეს ვინარჩუნებდი. პირველი რაუნდი საკმაოდ სახიფათო იყო, მაგრამ გაკვირვებული არ ვარ. ვიცოდი, რომ დენ ჰუკერი ჩემს დონეზე არაა. ვამბობდი, რომ გავიდოდი და რაც შეიძლება სწრაფად დავაფინიშებდი.
ილია თოფურია? ჩემი აზრით, დისტანცია უნდა დავიცვა, ხოლო თუ ის შეეცდება, თავისი ძლიერი მხარე, კრივი გამოიყენოს, პარტერში უნდა გადავიყვანო. მჯერა ჩემი ძალების და ვიცი, რომ მისი დამარცხება შემიძლია. ილია ამბობდა, რომ ჩემთან ჩხუბს ტიტულზე უარის თქმა ურჩევნია, ამიტომ დატოვოს ქამარი და მე სხვა ძლიერ მებრძოლს ვეჩხუბები. UFC-იმ იცის, რომ ნებისმიერ ჩხუბს მივიღებ. თუ ილია ისლამთან საჩხუბრად ავა, სატიტულო ჩხუბი გეიჯისთან ან პიმბლეტთან უნდა მომცენ.
რაც შეეხება ბრძოლამდე სასტუმროში გადაღებულ ვიდეოს, ალბათ, ილიამ ვერ დამინახა. მართალი გითხრათ, მეც არ მინახავს, თორემ, ვფიქრობ, ერთმანეთს მივესალმებოდით. ჩვენ შორის პირადული არაფერი არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საკითხს უკვე მოვაგვარებდით. ეს ყველაფერი მედიასთან მუშაობა და ჩხუბის პიარია“.
ცნობისთვის, ცარუკიანმა ჰუკერი მეორე რაუნდში მახრჩობელა ილეთით, მხრის სამკუთხედით დაამარცხა. ეს სომეხი მებრძოლის კარიერაში 23-ე გამარჯვებაა. მის ანგარიშზე ასევე 3 მარცხია.