მახრჩობელა ილეთით მოიგო და ილიას მიმართა - ცარუკიანის გამარჯვება ჰუკერთან
კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ Fight Night-ზე, ღონისძიების მთავარ ბრძოლაში მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველმა ნომერმა, არმან ცარუკიანმა მეექვსე ნომერ, დენ ჰუკერს მოუგო.
პირველ რაუნდში სომეხ მებრძოლს უპირატესობა ჰქონდა, მეორე რაუნდში კი მახრჩობელა ილეთით, მხრის სამკუთხედით მოიგო.
ბრძოლის შემდეგ ცარუკიანმა მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, ილია თოფურია გამოიწვია.
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მადლობა კატარს და UFC-ის ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომელიც აქ ჩემთვის საქომაგოდ ჩამოვიდა. ჩემთვის დიდი პატივია აქ ჩხუბი, განსაკუთრებით მთავარ ბრძოლაში. მადლობა დენ ჰუკერს, მისი დამსახურებაა, რომ წელს ჩხუბი ჩამინიშნეს, ყველა გამირბის. განსაკუთრებით ილია თოფურია - თუ აქ ხარ, მოდი, ამ წონაში მხოლოდ ერთი ნამდვილი კონტენდერი არსებობს და ეს მე ვარ. ნუ ეძებ მარტივ ჩხუბებს. მზად ვარ, იანვარში ტიტულისთვის ვიჩხუბო, კონტრაქტი გამომიგზავნეთ.
დენ ჰუკერი რთული მეტოქეა, მას კარგი სტრაიკინგი აქვს, მაგრამ მის დარტყმებს გავუძელი. ჩემი ჭიდაობა და სტრაიკინგი სულ სხვა დონეზეა. გალიაში ვერავინ გამაჩერებს, მე მსოფლიოში საუკეთესო ვარ. ჩემპიონი გავხდები და ტიტულს ბევრჯერ დავიცავ. მუხლჩაუხრელად ვშრომობ, მთელი ცხოვრება ამ სპორტს მივუძღვენი და ამის შედეგებსაც ვიმკი“.
რაც შეეხება ღონისძიების თანამთავარ მოვლენას, ქვესაშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი, ბელალ მუჰამედი იან მაჩადო გარისთან (6) დამარცხდა.