ჰაიდენჰაიმმა გლადბახთან წააგო - ბუდუს საგოლე მომენტი არ ჰქონია
ბუნდესლიგის მე-11 ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ საკუთარ კედლებში „გლადბახი“ მიიღო და 0:3 დამარცხდა. შესაბამისად, ბუნდესლიგაში ბუდუს გუნდის მოუგებელი სერია უკვე 6 მატჩამდე გაგრძელდა.
პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა პენალტი გამოიმუშავეს, რომელიც ზუსტად კევინ დიქსმა შეასრულა. 55-ე წუთზე ჰარის ტაბაკოვიჩმა „გლადბახის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა, 76-ე წუთზე კი შუტო მაჩინომ „ჰაიდენჰაიმის“ კარში მესამე გოლი გაიტანა.
ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია. ბუდუმ Sofascore-ისგან 6,5-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 10 შეხება ბურთთან, 2 დაკარგული ბურთი, 1 ჩაჭრა, 4-დან 4 ზუსტი პასი (100%), 1 დაბლოკილი დარტყმა, 1 წაგებული ორთაბრძოლა და 1 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა.
11 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 5 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს ზივზივაძის გუნდი 29 ნოემბერს სტუმრად, „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ გამართავს.