თავის დასაცავად დობერმანი იყიდა - ისაკმა მუქარის წერილები მიიღო
The Sun-ის ინფორმაციით, „ლივერპულის“ თავდამსხმელმა ალექსანდერ ისაკმა 30 000 ფუნტად მოდარაჯე ჯიშის დობერმანი შეიძინა.
ეს მოხდა ანგარიშსწორების მუქარის ფონზე, რომელიც ფორვარდმა შვედეთის ნაკრების წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ მიიღო. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სკანდინავიელებმა B ჯგუფში 2 ქულა დააგროვეს და პლეი-ოფში მხოლოდ ერთა ლიგის რეიტინგის წყალობით მოხვდნენ.
ამ მატჩების შემდეგ, ისაკმა მუქარის შემცველი წერილები მიიღო, სადაც ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის ფეხბურთელები უფრო ხშირად ყიდულობენ ძაღლებს სახლების დასაცავად, რაც დიდ ბრიტანეთში ცნობილი ადამიანების სახლების ძარცვებისა და შეღწევების სერიას მოჰყვა.
მიმდინარე სეზონში ისაკმა კლუბისა და ნაკრების შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.