„ცარუკიანს ზურგი კვლავ აწუხებს“ - ჰუკერის მოულოდნელი განცხადება
დენ ჰუკერთან მომავალ ბრძოლას არმან ცარუკიანი შესაძლოა ასპროცენტიან ფორმაში ვერ შეხვდეს, რადგან ისევ ზურგის ტრავმა აწუხებს, რის გამოც წლის დასაწყისში ისლამ მახაჩევთან დაგეგმილი მისი ბრძოლა გაუქმდა.
ამის შესახებ The Maclife-თან ინტერვიუში ახალზელანდიელმა მებრძოლმა განაცხადა.
„არ ვიცი, შეიძლება ეს საიდუმლოა, მაგრამ ჩემი მეგობარი სასტუმროში მასაჟზე იყო და გოგომ, რომელიც მასთან მუშაობდა, უთხრა, რომ ასევე მუშაობდა „მთავარი ბრძოლის მეორე მონაწილესთან“ და ზურგზე დაჭერას ვერ ახერხებდა, რადგან ის ტრავმირებული ჰქონდა. იმედია, მას არ დაითხოვენ ამ ინფორმაციის გაჟღერების გამო,“
– თქვა ჰუკერმა.
ჰუკერი ცნობილია თავისი ისტორიებით, რომლებიც ხშირად ფაქტებით არ არის გამყარებული, მაგრამ ამჯერად ახალზელანდიელის ინფორმაციას ირიბად ადასტურებს ერთ-ერთი ვიდეობლოგი, რომელიც ცარუკიანის მზადებას ეძღვნება და რომელზეც სომეხ მებრძოლს შეხვეული ზურგი უჩანს.
ჰუკერისა და ცარუკიანის დაპირისპირება, რომელსაც პოტენციურად პრეტენდენტის სტატუსი აქვს, UFC Fight Night 265-ის მთავარი ბრძოლა იქნება, რომელიც რამდენიმე საათში კატარში დაიწყება.