„UFC-ს ეზიზღება, მეც მეზიზღება და თავიდან მოვიშორებ“ | ჰუკერი ცარუკიანზე
UFC-ის მომდევნო ღონისძიება კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება და მისი მთავარი მოვლენა არმან ცარუკიანისა და დენ ჰუკერის დაპირისპირება იქნება. „ჰენგმენმა“ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურიაც ახსენა.
„ბევრი ადამიანი მეზიზღება, თუმცა ცარუკიანის მისამართით არსებული ზიზღი ჩხუბის მოახლოვებასთან ერთად უკანა პლანზე გადადის. რა თქმა უნდა, ერთმანეთი გულზე არ გვეხატება და გვეზიზღება კიდეც, მაგრამ ნელ-ნელა ეს უფერულდება.
არმანი ტოპ-15-ის პირველი ნომერია და ჩემი მიზანი — საჩემპიონო ბრძოლის მიღებაა. ცარუკიანი სწორედ ამიტომ გამოვიწვიე. მთელი კვირაა მეკითხებიან, რა შეგრძნება დამეუფლა, როდესაც ეს ჩხუბი ჩაინიშნა. პერთში პირადად ჩავფრინდი და ჰანტერ კემპბელსა და შონ შელბის ტვინი შევუჭამე, რომ ეს ორთაბრძოლა მოეცათ.
ვუთხარი: „ვიცი, რომ ცარუკიანი თქვენც გეზიზღებათ. მომეცით საშუალება, თავიდან მოგაშოროთ. გამროტი ხომ მოვიშორე და ახლა არმანსაც იმავეს ვუზამ.“
ილია თოფურია? მასთან ჩხუბისას მთავარი მიზანი იქნება, სახეში ძლიერად არ მომხვდეს. მის წინააღმდეგ ქვედა კიდურები უნდა გამოიყენო და ფეხებითა და მუხლებით განახორციელო დარტყმები. ვფიქრობ, მაგარი ჩხუბი იქნება, რომელიც პირველ რაუნდს არ გასცდება. გიჟური ორთაბრძოლა იქნება.“
ცნობისთვის, ჰუკერი მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ-15-ში მეექვსე პოზიციას იკავებს. მასზე წინ პედი პიმბლეტი, ჯასტინ გეიჯი, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა და არმან ცარუკიანი იმყოფებიან.